„ლიბერთი ბანკი“ თაღლითობის მსხვერპლ პენსიონერებს დანაკარგს აუნაზღაურებს

თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომელთაც თანხა, სავარაუდოდ, “თაღლითური სქემის“ წყალობით დაკარგეს, “ლიბერთი ბანკი“დაკარგულ თანხას აუნაზღაურებს. ამის შესახებ “ლიბერთი ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ლიბერთი ბანკი“ ეხმაურება 2014 წლის 1 დეკემბერს მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მზად არის, გვერდში დაუდგეს დაზარალებულ პენსიონერებს, რომლებმაც თანხა, სავარაუდოდ, მოტყუებით დაკარგეს.
ბანკმა გამოიჩინა კეთილი ნება და მოახდენს პენსიონერების მიერ დაკარგული თანხის ანაზღაურებას“, -აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თაღლითური სქემის შესახებ, რომელმაც პენსიონერები დააზარალა, ინფორმაცია რამდენიმე ტელევიზიით რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
გაირკვა, რომ ყოველთვიური დანამატისა და სურსათის მიცემის დაპირებით, საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მოქმედმა პირებმა ხანდაზმული მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. პენსიონერების თქმით, უცნობი პირები მათ ორგანიზაცია “წითელი ჯვრის” სახელით გაეცნენ და დაპირდნენ, რომ ყოველთვიურად პენსიაზე 250 -ლარიან დანამატს, 5 ლიტრ ზეთს, 5 კილოგრამ შაქარსა და ერთ ტომარა პურის ფქვილს მისცემდნენ, სანაცვლოდ კი ხელი მოაწერინეს საბუთებზე, რომლის შინაარსს არ გაცნობიან. ამის შემდეგ თაღლითებმა პენსიონერები პენსიის ასაღებად ტყიბულისა და ზესტაფონის “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში წაიყვანეს. პენსიონერები ბანკში თავად არ შესულან; მათი თქმით, საბუთებზე ხელის მოწერის შემდეგ ბანკიდან ერთი თვის პენსია გამოუტანეს და სოფელში დააბრუნეს. თაღლითობის ფაქტის შესახებ კი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთ მამაკაცს პენსიის წინასწარ აღება დასჭირდა და ბანკში მისულს 8 თვის თანხა გატანილი დახვდა. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა პენსიონერებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები