გიორგი სიგუა ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

ყოფილი მინისტრის ხათუნა გოგალაძის მიერ გათავისუფლებული გიორგი შოვნაძე, რომელიც სასამართლომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე აღადგინა, დღეს სამსახურში გამოცხადდა. დღესვე ცნობილი ხდება მისი მოადგილის ვინაობაც. ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილე გახდა.
შეგახსენებთ, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გიორგი შოვნაძე თანამდებობიდან 2013 წლის მაისში მინისტრ ხათუნა გოგალაძის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ კი გიორგი შოვნაძემ სასამართლო დავა მოიგო.
შოვნაძის გათავისუფლების მიზეზი 2013 წელს მინისტრის ბრძანებულებით რიგი დარღვევები გახდა. როგორც გოგალაძის უწყება განმარტავდა, სააგენტოს მიერ არასრულყოფილად ხდებოდა კონტრაქტორი ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმება, ასევე არასწორად ტარდებოდა ხარჯთაღრიცხვა.
თავად გიორგი შოვნაძე მაშინ აცხადებდა, რომ მისი გადაყენება პოლიტიკური და პირადი გადაწყვეტილებით მოხდა. რაც შეეხება, გიორგი სიგუას, მან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი 2014 წლის აგვისტოში დატოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამინისტროს ხელმძღვანელობამ სიგუა გათავისუფლებამდე სამსახურის ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო არაერთხელ სიტყვიერად გააფრთხილა. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი სიგუას თანამდებობა საქართველოში „კაზანტიპის“ ფესტივალის გამართვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები