ნიკა გილაური სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა – მართლა მქონდა შემოთავაზება…

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ნიკა გილაური ადასტურებს ინფორმაციას, რომ მას შემოთავაზება ჰქონდა ევროპის რეკორნსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტისგან უკრაინის ბიზნესომბუდსმენად დანიშვნის თაობაზე. თუმცა, იგი განმარტავს, თუ რატომ არ დათანხმდა ამ შემოთავაზებას და მიზეზებსაც ხსნის. „მართლა მქონდა შემოთავაზება EBRD-ის (ევროპის რეკორნსტრუქციის და განვითარების ბანკის) პრეზიდენტისგან, რადგან სწორედ ეს ორგანიზაციაა უკრაინის ახლად შექმნილი ბიზნესომბუდსმენის ოფისის საბჭოს ერთ-ერთი წევრი (და იდეის ავტორიც). კიევშიც ვიყავი ჩასული, შევხვდი საბჭოს ყველა წევრს (მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლებს) და საბჭოსგანაც ერთსულოვანი შემოთავაზება მივიღე. თუმცა ბოლოს უარის თქმა მომიწია იმის გამო, რომ, როგორც გაირკვა, ეს პოზიცია იურიდიულად ეწინააღმდეგებოდა ჩემს სხვა მოქმედ ხელშეკრულებებს. ასე რომ, გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი მართალია – იყო ამის შესახებ შემოთავაზება, თუმცა ჩემი და ჩემი კომპანიის სხვა არსებულ კონტრაქტებთან იურიდიულ კონფლიქტში მოსვლის გამო ეს საკმაოდ საინტერესო გამოწვევა ვერ მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ნდობა გამომიცხადა, განსაკუთრებით EBRD-ის პრეზედენტს, ბატონ ჩაკრაბარტის და უკრაინის რეგიონალრ დირექტორს, ბატონ აჯუნერს, უკრაინის ომბუდსმენის ოფისის საბჭოს წევრებს და უკრაინის მთავრობის წევრებს.
ასევე მადლობა ყველას, ვისაც ჩემს შესახებ გაგონილი კარგი ამბავი გაუხარდა“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა გილაური. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უკრაინის ბიზნესობუდსმენად ინიშნებოდა. „ნიკა გილაურს ნიშნავდნენ უკრაინის ბიზნესობუდსმენად. ეს იყო ევრობანკის პროექტი და საქართველოს მთავრობამ გააგზავნა ნოტა და უთხრა, რომ თუ ნიკა გილაურს დანიშნავთ უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე, საქართველოს მთავრობა შეწყვეტს ურთიერთობას ევროპულ ბანკთან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.
ექსპრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ დევნას საზღვრებს გარეთ აგრძელებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქმედი მთავრობა მზად არის, ოპონენტებთან ბრძოლის გამო უმნიშვნელოვანესი პარტნიორები დაკარგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები