„თუ მიყურადების გასაღები რომელიმე პირის, ან კერძო ორგანიზაციების ხელში იქნება ეს ქვეყნის უსაფრთხოებას დაასუსტებს“
„თუ ფარული მიყურადების გასაღები არა ძალოვან სისტემაში, არამედ რომელიმე ორგანიზაციაში, ან კერძო პირთან მოხვდება, ეს ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის და უსაფრთხოებას დაასუსტებს“ ,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელმა, ექსპერტი ზაალ კასრელიშვილმა გააკეთა.
კასრელიშვილის თქმით, მიყურადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ის ოპერატიული სამძებრო საქმიანობის მეთოდიკას ეკუთვნის. ექსპერტის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ახალ ექსპერიმენტს დგამენ, რომ საქართველოს უსაფრთხოება დაასუსტონ.
კასრელიშვილი მობილური ოპერატორებისათვის მოსმენების გასაღების გადაცემაში მათი მოსყიდვისა და დაშინების საფრთხეებს ხედავს, რის გამოც საქართველოს მოუწოდა მისი სტარატეგიული პარტნიორის აშშ-ს და მასთან ერთად ბრიტანეთის მეთოდიკა და მაგალითი გაიზიაროს .
„რჩება შთაბეჭდილება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ახალ ექსპერიმენტს დგამენ იმისათვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება დაასუსტონ. ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებს უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო სასამართლოს ნებართვით. არავითარი მობილური ოპერატორი, არავითარი ომბუდსმენი, არავითარი მარეგულირებელი კომისია. ასეთივე სისტემაა ევროპაშიც. მივმართავთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გაითვალისწინოს ამერიკის შეერთებული შტატების და ინგლისის მაგალითები. ეს ორი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. საჭიროა თვითონ უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნას სააგენტო, რომელიც ფიზიკურად განახორციელებს ამ საქმიანობას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო მეთოდიკა განსაზღვროს კანონმდებლობამ. მეორე და მესამე გასაღები ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია.კავკასიაში ბევრი მიძინებული კონფლიქტია, ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტყეები სავსეა მებრძოლებით. ამ ვითარებაში, როცა ხალიფატიც პირდაპირ შეტევაზეა და კონკრეტულ სამიზნეებს ასახელებს, არ მიგვაჩნია სწორად კერძო პირის ხელში მოხვდეს საიდუმლო მასალები. ძალიან იოლია, შეაშინო ან იყიდო ოპერატორი. ეს ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.