დავით ბაქრაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თურქეთის ელჩმა დავით ბაქრაძეს სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე, არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელების პროცესში პარტნიორი სახელმწიფოების ჩართულობა, არსებული თანამშრომლობის ფორმატები და ხაზი გაესვა გაწევრიანების პროცესში თურქეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ ხსენებული ქმედება ერთმნიშვნელოვნად ფასდება, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი. განიხილეს ის საფრთხეები, რომელსაც ე.წ. ხელშეკრულება უქმნის არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ, ზოგადად რეგიონულ უსაფრთხოებას.