„სააკაშვილი რომ გასამართლებულიყო, სხვა ვითარება იქნებოდა როგორც აფხაზეთთან, ასევე სამაჩაბლოსთან მიმართებაში“
„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას ითხოვს. როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი უნდა დაისაჯოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო.
ნინო ბურჯანაძემ გადაცემი წამყვანს გიორგი გაბუნიას მიხეილ სააკაშვილის მიმართ დასმული კითხვები დაუწუნა.
„თქვენი გადაცემის ერთი საათი ეთმობა მიხეილ სააკაშვილს, გასაგებია თქვენი სიყვარული სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავახსენო მოსახლეობას, როცა სააკაშვილი ამდენს ბედავს და როდესაც მას ეთმობა ეთერი, თქვენ არ ახსენებთ, როცა სააკაშვილი სამშობლოზე და სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობს, თუ როგორ იბძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ. ძალიან საინტერსოა, რომ მას არ ახსენებთ, მის გამონათქვამებს, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ, მან გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს არაფერი არ დაუკარგავს ქვების გროვის გარდაო. ქვების გროვად იყო მოხსენიებული, სამაჩაბლოს 114 სოფელი, რომელიც აგვისტოს ომის მოვლენების შემდეგ დაიკარგა.
სწორედ ამ ხელისუფკლების დამსახურებაა ძალიან ბევრი რამ. მათ შორის ის, რომ ამ ხელშეკრულებაზე გვიწევს საუბარი დღეს, იმიტომ რომ, სააკაშვილი რომ გასამართლებულიყო, სისტემა რომ შეცვლილიყო, რეალობა რომ შეცვლილიყო ქვეყანაში, ნამდვილად სრულიად სხვა ვითარება იქნებოდა როგორც აფხაზეთთან, ასევე სამაჩობლოსთან მიმართებაში. დიახ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. დამნაშავე სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაისაჯოს ბევრი რამისთვის. მათ შორის, უპირველასად 2008 წლის აგვისტოს ომისთვის და ჩადენილი დანაშაულისთვის“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ .