“აფხაზთა კრების” ხელმძღვანელმა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
პარლამენტში ევროინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს იხილავენ, “აფხაზთა კრების” ხელმძღვანელმა მალხაზ პატარაიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც პატარაიამ განაცხადა, მას სხდომაზე კითხივის დასმის საშუალება არ მისცეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციის პროექტი იხილება. საკომიტეტო განხილვაში დეპუტატებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, „აფხაზთა კრების“ წევრებიც მონაწილეობდნენ. მათ ის ფაქტი გააპროტესტეს, რომ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩართვის და პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ.
“აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, “აფხაზთა კრებამ” მოამზადა რეზოლუცია, გვსურდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები გამოგვეთქვა, რაც ვერ შევძელით. კომიტეტის სხდომაზე დეკორაციის მიზნით არ მოვსულვართ”, – განუცხადა ჟურნალისტებს “აფხაზთა კრების” წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ.
როგორც ცნობილია, აფხაზეთში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რეზოლუციის სამუშაო ვარიანტი მომზადებული აქვს უმრავლესობას. რომლის ავტორიც დეპუტატი გია ვოლსკია, მისი წარდგენა პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” რეზოლუციის პროექტის განხილვის პარალელურად მოხდება.