პარლამენტი მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე დოკუმენტს მიიღებს

პარლამენტის სამი კომიტეტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის შესახებ რეზოლუციის პროექტს იხილავს, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ავტორობით არის მომზადებული. განხილვისას, ცნობილი გახდა რომ უმცირესობის მიერ მომზადებულ პროექტს, საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარი ვერსია შესთავაზა, რომლის ავტორის დეპუტატი გია ვოლსკია.
სესიაზე სავარაუდოდ, ორი ერთმანეთის ალტერნატიული პროექტი გავა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი 9 პუნქტისაგან შედგება. ამ პროექტით პარლამენტი საქართველოს მთავრობას სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმასთან ერთად ავალებს, შეუერთდეს უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს, ავალებს გააუქმოს კარასინ-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატი და მოახდინოს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში საქმეების აღძვრის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება.
მას ამ წუთებში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი წარადგენს. როგორც სხდომის დაწყებისას აღინიშნა, უმრავლესობა მოამზადებს პროექტის საკუთარ ვარიანტს, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება პარლამენტში ინიცირებული.
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას პარლამენტი რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ დოკუმენტს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები