ლევან იზორია: ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იქნება დაცული
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იქნება დაცული, – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გუანტანამოს ციხიდან საქართველოში 3 პატიმარის გადმოყვანის ფაქტს.
როგორც იზორიამ აღნიშნა, ეს არის ჰუმანიტარული აქცია და საქართველო მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობს.
„ეს არის ჰუმანიტარული აქცია. კერძოდ, ემსახურება ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. ასეთი უკვე განხორციელდა 2010 წელს, როდესაც 3 ყოფილი პატიმარი იქნა ჩამოყვანილი. ისინი ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ ასევე საზოგადოებისთვის. ამჟამადაც ხორციელდება 3 ყოფილი პატიმრის საქართველოში ჩამოყვანა. ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოება მაქსიმალურად დაცული იქნება. მაქსიმალურად იქნება ასევე ყოფილი პატიმრებისთვის ის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი, რასაც რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია ჰქვია“, – განაცხადა იზორიამ. აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. “ნიუ იორკ თაიმსი” ცნობით, “გუანტანამოს” ციხე ოთხმა იემენელმა დატოვა, რომელთაგან სამი იემენელი პატიმარი საქართველოში იქნა გამოგზავნილი. საპატიმრო კიდევ ერთმა ტუნისელმა დატოვა, რომელიც სლოვაკეთში ერთ იემენელთან ერთად გაიგზავნა.