სამხედრო ექსპერტი მოითხოვს დაიწყოს გამოძიება, თუ რა უფლებით აწარმოებდა ჩაწერებს ლევან ზაქრაძე
სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ლევან ზაქრაძის კაბინეტში ფარული ვიდეომასალის გაკეთებას სისხლის სამართლებრივ დანაშაულად აფასებს.
საუბარია „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტში მასსა და რეზო სახვაძეს შორის გამართული საუბრის ფარულად გაკეთებულ ჩანაწერს ასახავს.
წითელაშვილის განცხადებით, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება, თუ რა მიზნით აწარმოებდა არაკანონიერ ვიდეო და აუდიო ჩაწერებს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი.
„სამხედრო პოლიციის უფროსს არანაირი უფლება არ ჰქონდა, თანამშრომლები დაებარებინა და არაკანონიერად განეხორციელებინა ფარული გადაღება-მოსმენა. ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ამიტომ აუცილებელია როგორც პროკურატურა, ისე თავდაცვის სამინისტროში არსებული საგამოძიებო ორგანო ამ საკითხით დაინტერესდეს. დაიწყოს მოკვლევა და გამოძიება, თუ რა უფლებით ისმენდა და აწარმოებდა არაკანონიერ ჩაწერებსა და მოსმენებს მაშინდელი სამხედრო პოლიციის უფროსი“, – აცახდებს წითელაშვილი.
მისივე თქმით, უნდა დაიკითხოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, რადგან მან ზაქრაძე და სხვა დანაშაულში მონაწილე პირები სამინისტროში შეიფარა და დააწინაურა კიდეც.
„ირაკლი ალასანიამ მსგავს ფაქტებს ყურადღება არ მიაქცია, იგნონირება გაუკეთა და იმის ნაცვლად, რომ დაეწყო მოკვლევა, მათი დასჯის ნაცვლად შეიფარა დამნაშავეები და დააწინაურა. მას სერიოზული დანაშაული მიუძღვის. უნდა დაიკითხოს და პასუხი მოეთხოვოს“, – ამბობს ტრისტან წითელაშვილი.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც პორტალ „კვირას“ ხელში ჩაუვარდა, სავარაუდოდ, 2008 წლით თარიღდება და ის სამხედრო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, ლევან ზაქრაძის სამუშაო კაბინეტშია გაკეთებული. მაშინ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო. ფარული კამერით გადაღებულ 30 -წუთიან ჩანაწერში ვიცე-პოლკოვნიკ რევაზ სახვაძესთან ზაქრაძის საკმაოდ დაძაბული საუბარია აღბეჭდილი. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო სამსახურის ყოფილი უფროსი სახვაძე დააკავეს. ის 500 ათასი ლარის გაფლანგვაში დაადანაშაულეს, თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, სახვაძემ მხოლოდ 4 წელი მოიხადა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლევან ზაქრაძეს, ის ფიგურირებს 2011 წელს სამხედრო პოლიციის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის – სერგო თეთრაძის, დავით ლონდარიძის, სერგეი ჩაპლიგინის და გია გორელაშვილის საქმეში. ცნობილია, რომ 3 წლის წინ, 17 სექტემბერს თეთრაძის სახლში 12-მდე სამხედრო პოლიციელს შორის, რომლებმაც სახლი სასამართლოს დადგენილების გარეშე გაჩხრიკეს, ლევან ზაქრაძეც იმყოფებოდა.
როგორც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი გორელაშვილი აცხადებდა, სერგო თეთრაძე სწორედ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზაქრაძის კაბინეტში მისი თანდასწრებით და მონაწილეობით აწამეს, ემუქრებოდნენ და მისგან არარსებული დანაშულის აღიარებას მოითხოვდნენ. ამ ფაქტის ერთ-ერთი მონაწილე კი მეგის ქარდავა იყო. მოგვიანებით, ლევან ზაქრაძე სერგო თეთრაძის საქმეზე მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა. ის ერთ-ერთი იმ პირთაგანი იყო, რომლის დასჯას თეთრაძის ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა.
კაიკაციშვილის განმარტებით, დაშინება და ძალადობა წინა ხელისუფლების ხელწერა იყო. თავდაცვის სამინისტრო კი იმდენად დახურული უწყება იყო, რომ იქ წლების განმავლობაში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაციები ახლა მჟღავნდება.
იხილეთ სტატია: http://kvira.ge