პრეზიდენტი: ირაკლი ალასანია და დავით კირვალიძე დისკრედიტებულად არ მიმაჩნია

 

   არც ირაკლი ალასანია და არც დავით კირვალიძე დისკრედიტებულად არ მიმაჩნია, – ასე ახსნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსებს დაცვა სჭირდებათ, რათა მათი დისკრედიტაცია არ მოხდეს.
როგორც მარგველაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, მას არ მოსწონს იმ ადამიანების გაწირვის ტენდენცია, რომლებიც მუშაობენ, რომ უკეთესი სოფლის მეურნეობა და თავდაცვისუნარიანობა გვქონდეს.
“არც ალასანია მიმაჩნია დისკრედიტებულად, ბუნებრივია, არც კირვალიძე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათი დისკრედიტაცია არ მომხდარა, ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს – მინისტრების, იმ ადამიანების გაწირვის ტენდენცია, იმ ადამიანებთან ღია დაპირისპირების კამპანიები, რომლებიც მუშაობენ, რომ უკეთესი სოფლის მეურნეობა გვქონდეს, უკეთესი თავდაცვისუნარიანობა გვქონდეს, უკეთესი სამართალდამცავი გვყავდეს, უკეთესი განათლება გვქონდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის არ არის სასიამოვნო. მე მინდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკაში და დავაფასოთ მათი ღვაწლი. თუ ისინი შეცდომას დაუშვებენ, ბუნებრივია, შესაბამისი მექანიზმები უნდა ამოქმედდეს, მაგრამ სწორედ ეს არის ჩემთვის მტკივნეული, რომ იგივე კირვალიძესთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა, მაშინ, როცა ნათლად გამოჩნდა, რომ კორუფციასთან არ გვქონდა საქმე. არავინ თქვა, რომ ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლი და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ექსპერტი სოფლის მეურნეობის დარგში. დათო არის მოთხოვნადი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გვაქვს ფუფუნება ქართველებს, რომ ასეთი ექსპერტი დავკარგოთ და ის არ ემსახუროს თავის სამშობლოს?! – მემგონი არ გვაქვს. ირაკლისთან მიმართებაში კი არ მინდა გავასწრო მოვლენებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ის ნატოს ხელმძღვანელობის მიხედვით აღიარულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად, მათ შორის სისტემის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. თუ რაღაც პრობლემა იყო, ვფიქრობ, ეს არ უნდა გამხდარიყო ასეთი პოლიტიკური აჟიოტაჟის და განხილვის საგანი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ საქმეს არ იცნობს და ამიტომ ვერ ჩაერევა ამ საქმეში.
“ამის მტკიცება არ მინდა, რადგან მე საქმეს არ ვიცნობ და არც უნდა ვიცნობდე – მასალების დიდ ნაწილს ადევს გრიფი “საიდუმლო”. რომც ვიცნობდე მე არ ვარ კვალიფიციური იურისტი ან მოსამართლე და არ ჩავერევი მათ საქმეში. მე სირთულეები დავინახე იმაში, როცა პროკურატურა შევიდა პოლემიკაში თავდაცვის სამინისტროსთან მედიის მეშვეობით. საერთოდ, ასეთი საკითხების გამოტანა მედიაში ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული: უდანაშაულობის პრეზუმპციასთან, ამ თემების პოლიტიზაციის საშიშროებასთან, თუნდაც ყველაზე მეტად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასთან და ა.შ. ასეთი თემები შიდაუწყებრივად უნდა მიმდინარეობდეს. ჩემთვის ეს პროცესი შემაშფოთებებლი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ ქართულ ჯარზე და ძალიან ფაქიზები უნდა ვიყოთ მათთან მიმართებაში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები