19 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელი გახდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონალური წარმომადგენელმა პოლ მაკინტოშმა დევნილ ოჯახებს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 2013 წლის 12 ნოემბერს 19 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა, თუმცა ამ დრომდე ფართები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა. დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად-1 ლარად დაუკანონდათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ორსართულიანი შენობის ყველა ბინაში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის, გარე განათების ქსელი და პარკირების ადგილი. დევნილებმა ჩამოაყალიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საერთო სარგებლობის ფართზე ზრუნვისა და საკუთრების ერთობლივად მოვლის მიზნით.
ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ დევნილებს გადაეცემათ საკუთრების დოკუმენტები, არამედ თავად პრივატიზაციის პროცესი ხელს უწყობს განსახლების ადგილას მათი ინტეგრაციის პროცესს.
შენობაში სულ 24 ბინაა, რომელიც 19 დევნილ ოჯახზე (მრავალშვილიანი ოჯახები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, შესაბამის ფართს იღებენ, რაც ზოგიერთ შმეთხვევაში ორი ბინის გადაცემას ითვალისწინებს) კენჭისყრის პრინციპით განაწილდა, აქედან 17 ბინა – ერთოთახიანია, ხოლო 7-ოროთახიანი.
აფხაზეთიდან დევნილი მალხაზ მეგრელიშვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანია. წლების განმავლობაში მალხაზ მეგრელიშვილი ცოლთან და ორ შვილთან ერთად ავტოფარეხის ტიპის შენობაში ცხოვრობდა. დევნილთა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მოკვლევის ჯგუფი მეგრელიშვილების ოჯახის რთულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ განაცხადის ფორმის შევსება შესთავაზა.
მალხაზ მეგრელიშვილი 21-წლიანი მოლოდინის შემდეგ საკუთრების მფლობელი გახდა.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და USAID-ის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინჟინერი გიორგი კოკოჩაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები