„მაშინდელი ხელისუფლების ყველა შტო იყო ჩართული “იმედის“ წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებაში“

ტელეკომპანია “იმედის“ პოლიტიკური პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი და “დროების“ წამყვანი გიორგი თარგამაძე, „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ 2007-2008 წლებში „დროების“ ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე აუდიომასალის გასაჯაროების ფაქტზე “კვირასთან“ კომენტარს აკეთებს.
თარგამაძე აცხადებს, რომ „დროებიდან“ ჟურნალისტების წასვლის თაობაზე მითქმა-მოთქმა და მათ მიერ “ტელეკომპანიის“ დატოვების არაერთი სავარაუდო მიზეზი მაშინაც დასახელდა. “დროების“ ყოფილი წამყვანი აცხადებს, რომ აღნიშნული ჟუნალისტების ნაცვლად განმარტებებს ვერ გააკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში “ტელეიმედის“ მიმართ ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის არაერთი ფაქტი არსებობს.
“მას შემდეგ, რაც “დროება“ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, უამრავი განცხადება გაკეთდა, ამ შვიდი წლის მანძილზე ბევრი ვერსია მოვისმინე. მაგრამ მათ ნაცვლად მე ვერ ვისაუბრებ. დადასტურებით რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მაშინდელი ხელისუფლების ყველა შტო იყო ჩართული “იმედის“ წინააღმდეგ ზეწოლის განხორციელებაში. “ტელეიმედის” დარბევის საქმესთან დაკავშირებული პროცესი სამართლებრივ სიბრტყეში მოექცა და პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. თუ ვინმეს ამ მოვლენებზე მტკიცებულებები აქვს, ეს შესაბამისმა ორგანომ უნდა შეისწავლოს და დასკვნაც ადეკვატურად უნდა გააკეთდეს“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი თარგამაძემ.
საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.
ექვსმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია “იმედი” 2007 წლის დეკემბერში დატოვა. ჟურნალისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა 26 დეკემბერს, ღია ცის ქვეშ, პრესკონფერენცია გამართეს და კოლეგებს თავიანთი განცხადების ტექსტი გააცნეს.
“სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი არხის დამფუძნებელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მთავარი მოქმედი პირია, ჩვენთვის მიუღებელია ტელეკომპანია “იმედში” დარჩენა, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენი ჟურნალისტური თავისუფლებაც კი შეიძლება არასწორად იქნეს გამოყენებული. სწორედ ამიტომ ვტოვებთ ტელეკომპანია “იმედს”,- აღნიშნული იყო განცხადებაში, რომლის სრული ტექსტი “ტელეიმედის” გადაცემა “დროების” პროდიუსერმა რუსუდან ცხომელიძემ წაიკითხა. ჟურნალისტებმა ითხოვეს, რომ მათ ნაბიჯს პოლიტიკური ინტერპრეტაცია არ მიეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები