არჩილ კაიკაციშვილი: პროკურატურა ვალდებულია, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დაადგინოს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე გავრცელებულ სკანდალურ აუდიომასალას ეხმაურება.
არჩილ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა ვალდებულია, დაადგინოს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, რაც მოკლე ვადაში უნდა მოხდეს, რადგან 2007 წლის 7 ნოემბრის მიმართ არსებობს მაღალი სამოქალაქო ინტერესი. მისივე თქმით, თუკი პტროკურატურა დაადგენს, რომ დოკუმენტი ავთენტურია, ის აუცულებლად უნდა დაერთოს საქმეს.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გიორგი მამაცაშვილი მსგავს დოკუმენტებს არ გამოაქვეყნებდა, თუ ის დიალოგის ავთენტურობაში დარწმუნებული არ იქნებოდა.
„საზოგადოებამ იხილა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ გარკვეული ანგარების საფუძველზე ადგილი შეიძლება ჰქონდა ჟურნალისტების მოსყიდვას. პირველი, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, აუცილებელია, ჟურნალისტმა აუდიოჩანაწერი მიაწოდოს საქართველოს მთავარ პროკურატურას. კანონით პროკურატურა ვალდებულია, მოახდინოს აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენა და ეს უნდა გაირკვეს უახლოესი დროის მოკლე მონაკვეთშივე, რათა როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მიმართ არსებობს მაღალი სამოქალაქო ინტერესი ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ახალი გარემოების მიმართ, არსებობს განსაკუთრებული ინტერესი, ამიტომ თუკი პროკურატურა დაადგენს, რომ მოცემული დოკუმენტი ავთენტურია, ის საქმეში უნდაოდ საქმეს უნდა დაერთოს. ამით იქმნება ახლაგამოვლენილი და ახლად აღმოჩენილი გარემოება და თუ დოკუმენტი ავთენტურია, ბუნებრივია, დგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ამ დიალოგში მონაწილე ადამიანების მიმართ. ვინ რა როლს ასრულებდა, ვის არ ინტერესი ჰქონდა, ვინ რა მოლოდინებს იმყარებდა ამ დიალოგის, საუბრების შედეგად და შემდგომ.
ამიტომ თუ ბატონი მამაცაშვილი აქვეყნებს, მნიშვნელოვანია როგორც ამ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა, ასევე ძალიან საყურადღებოა ის ლეგიტიმური შეკითხვა, თუ საიდან მოიპოვა ჟურნალისტმა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს წყარო.
როგორც წესი, ბატონი გიორგი ასეთ დოკუმენტებს არ გამოაქვეყნებდა, თუ ის დარწმუნებული არ იქნებოდა ამ დიალოგის ავთენტურობაში. მნიშვნელოვანი არა ემოციური, არამედ სამართლებრივი დამოკიდებულებაა“, – განაცხადა კაიკაციშვილმა „კვირასთან“ საუბრისას.
“ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მომხდარი ფაქტები პროკურატურის მიერ გამოძიებული იქნას.
„ზოგადად, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის ფაქტი, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ძალადობრივი ქმედება, ის არის შეუფასებელი მისი სამოქალაქო და სამართლებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ბევრი ადამიანი მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას. აქ არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ტელეკომპანიის დარბევის ფაქტი. აქ არის ცალკეული ადამიანური ისტორიები, ის დაზარალებულთა წრე, რომლის მიმართაც მაშინდელმა ხელისუფლებამ უსასტიკესი რეპრესია გამოიყენა.
შესაბამისად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში არსებობს უამრავი საჩივარი და ამ საჩივრებთან მიმართებით დღევანდელი პროკურატურის მოქმედება იგვიანებს იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი მსგავსი მასშტაბური ძალადობა თავისი სამართლებრივი კვალიფიკაციით დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.
მისი თქმით, ეს პირები იყვნენ: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებდა “რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი დირექორი გოგი გეგეშიძე. „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა იმ ჟურნალისტების სახელები და გვარებიც დაასახელა, რომელთა მიმართაც, მისი მტკიცებით, გადაბირების მცდელობა და შანტაჟი ხორციელდებოდა. მამაცაშვილის თქმით, გივი თარგამაძემ 200 ათასი ამერიკული დოლარი ვინმე კეკელიძის ანგარიშზე გადარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები