გოგა ხაინდრავა: „დროების“ ყოფილმა ჟურნალისტებმა აუდიოჩანაწერებზე განმარტება უნდა გააკეთონ

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას, რომელიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენების ეპიცენტრში იყო, „რეპორტიორის” გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე გასაჯაროებული აუდიომასალის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება.
როგორც ხაინდრავამ “კვირასთან“ თემის კომენტირებისას განაცხადა, გიორგი მამაცაშვილი გამოცდილი ჟურნალისტი, სანდო ადამიანია და ის დეზინფორმაციას არ გაავრცელებდა.
რაც შეეხება თავად შანტაჟისა და მოსყიდვის თემას, ხაინდრავას თქმით, მას ყოფილი ხელისუფლების მიერ მედიის მუშაობაში არაერთხელ გამოვლენილი უხეში ჩარევის ფაქტები აფიქრებინებს, რომ „დროების“ ჟურნალისტების დაშანტაჟებასაც ჰქონდა ადგილი.
“ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. გიორგი მამაცაშვილი სერიოზული ადამიანია და დეზინფორმაციას არ გაავრცელებდა. შანტაჟი და მოსყიდვები “ნაციონალური მოძრაობის“ მოგონილია, ეს მგონი ახალი არავისთვის არ არის. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით მათ უნდა გააკეთონ შესაბამისი განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ბევრი პროფესიის ადამიანის, მათ შორის ჟურნალისტების პირად ცხოვრებაში უხეშად ეროდა და ფარულ თვალთვალსაც ახდენდა. ის განცხადებები, რომლებიც 2007 წლის დეკემბერში “დროების“ ჟურნალისტების ნაწილმა გააკეთა და ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩარევა გააპროტესტა, მათ სინდისზე იყოს. მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შემდეგში პოლიტიკური მოტივებით განაგრძო მოქმედება – ეს ფაქტიც არ დავიწყებია არავის“, – განუცხადა “კვირას“ გოგა ხაინდრავამ.
საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები