ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას მოუწოდებს, ჟურნალისტების შანტაჟის საკითხზე გამოძიება დაიწყოს

გავრცელებული აუდიოჩანაწერებით, მთელი ,,ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი დგება, – ასე ეხმაურება „უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორის” გენერალური დირექტორის გიორგი მამაცაშვილის მიერ 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე გავრცელებულ სკანდალურ აუდიომასალას.
„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დაიკითხოს გიორგი მამაცაშვილი, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებული პირები, ჩატარდეს აუდიომასალის ფონოსკოპიური ექსპერტიაზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
„ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობენ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები „იმედისა” და „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტების და ხელმძღვანელების გადაბირებას შანტაჟითა და მუქარით, რასაც თან ერთვის ჟურნალისტებისთვის თანხის შეთავაზება და მათ მიმართ ძალადობის გამოვლინებები. აუდიოჩანაწერებში ჩანს გივი თარგამაძის, დაჩი გრძელიშვილის და „რუსთავის 2″ -ის დირექტორის გეგეშიძის საუბრები“, – აცხადებს მჟავანაძე.
მისივე თქმით, მართალია, ჯერ არ გარკვეულა მასალის ავთენტურობა, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ მასალაში დაფიქსირებული საუბრები სიმართლესთან ახლოს უნდა იყოს, რადგან წინა ხელისუფლება აშკარად გამოირჩეოდა ჟურნალისტების და ტელეკომპანიების მიმართ არაადეკვატური ქმედებებით, რაც „იმედისთვის”, „იბერიასთვის”, „ტვ 25″-ისთვის პრობლემების შექმნასა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ზეწოლაში გამოიხატებოდა.
„თუკი აუდიოჩანაწერში დაფიქსირებული საუბრები დადასტურდება, არა მარტო ცალკეული პირების, არამედ მთელი „ნაციონალური მოძრაობის” პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რადგან ის შანტაჟი, რომელიც მოდიოდა მედიაზე, არა ცალკეული მაღალჩინოსნების, არამედ მთელი სახელისუფლებო გუნდის შემოქმედება იყო”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
ამასთან, „უფლებადამცველთა გაერთიანება” მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, გამოძიებულ იქნეს „რეპორტიორზე” განხორციელებული თავდასხმები და ბოლო დღეებში „რეპორტიორის” ჟურნალისტ ბაკურ სვანიძის მიმართ გამოხატული მუქარის ფაქტები.
„ყოველივე ძალიან ჰგავს ერთი და იგივე ხელწერას. როგორც ჩანს, „ნაციონალები“ აწიოკებდნენ და დღესაც განაგრძობენ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რაც თუნდაც ზაზა დავითაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმებშიც გამოვლინდა”, – აცხადებს მჟავანაძე.
საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.
მისი თქმით, ეს პირები იყვნენ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებდა “რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე. „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა იმ ჟურნალისტების სახელები და გვარებიც დაასახელა, რომელთა მიმართაც, მისი მტკიცებით, გადაბირების მცდელობა და შანტაჟი ხორციელდებოდა. მამაცაშვილის თქმით, გივი თარგამაძემ 200 ათასი ამერიკული დოლარი ვინმე კეკელიძის ანგარიშზე გადარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები