საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა სწორედ რომ ეფექტური კონტროლით. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უნიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას.
გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ აღნიშნული არ მოხდეს, აუცილებელია მთავრობის სტაბილურობის დაცვა, რაც პარლამენტის მხრიდან ეფექტურმა კონტროლმა უნდა განაპირობოს.
“ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც არ აღმოვჩნდებით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ჩვენივე მთავრობის მინისტრი, რომლის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ახალი იმპულსი მისცა სოფლის მეურნეობის განვითარებას, ეჭვმიტანილია კორუფციაში, რაც სხვათა შორის, შემდეგ არ მტკიცდება და ამას არაფერი არ მოჰყვება, უნდა შევძლოთ და ავიცილოთ რეალობა, როცა დანაშაულში არიან ბრალდებულები იმ უწყების თანამდებობის პირები, რომლის მინისტრიც ნატოს მხრიდან სწორედაც რომ გამჭვირვალე სისტემის შექმნისთვისაა აღიარებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მთავრობის სტაბილურობა სწორედ რომ ეფექტური კონტროლით. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ შეშინებულ, უნიციატივო და არაეფექტურ სახელმწიფო სისტემას. ამ დაცვის რეალური საშუალება არის ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, როცა პარლამენტს და ე.ი. საზოგადოებას გააჩნია მაქსიმალური ინფორმაცია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტისადმი მიმართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები