მამაცაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს – „დროების“ ჟურნალისტების გადაბირებისთვის გივი თარგამაძემ 200 ათასი აშშ დოლარი გამოყო

საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მამაცაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2007-2008 წლებში ჟურნალისტების შანტაჟისა და გადაბირების თემაზე სკანდალური აუდიომასალა გაასაჯაროვა და ყოფილი ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნების გვარები დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების შანტაჟი და გადაბირების მცდელობა ხდებოდა.
მისი თქმით, ეს პირები იყვნენ გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე. მამაცაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებდა “რუსთავი 2“-ის იმჟამინდელი დირექორი გოგი გეგეშიძე. „რეპორტიორის“ გენერალურმა დირექტორმა იმ ჟურნალისტების სახელები და გვარებიც დაასახელა, რომელთა მიმართაც მისი მტკიცებით, გადაბირების მცდელობა და შანტაჟი ხორციელდებოდა. მამაცაშვილის თქმით, გივი თარგამაძემ 200 ათასი ამერიკული დოლარი ვინმე კეკელიძის ანგარიშზე გადარიცხა.
„ყველას გვახსოვს 2007 წლის დეკემბერში როგორ დაიწყო ტელეიმედის გადაცემა “დროების“ ჟურნალისტების ძირითადი ბირთვის წამოსვლა “ტელეიმედიდან“. ესენია არიან: დაჩი გრძელიშვილი, ზაზა წულაძე , იოსებ ბარნაბიშვილი, რუსუდან ცხომელიძე, ვაკო ავალიანი და ლიზი ვაჩნაძე. ერთ-ერთი შენობის სახურავზე ჟურნალისტებმა გააკეთეს განცხადება ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ. ეს იყო წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი, დეკემბრის თვე. მაშინ გივი თარგამაძემ გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ დაიწყეს ამ ჟურნალისტების გადაბირების მცდელობა და შანტაჟი.
ამ ჩანაწერებში ნათლად არის საუბარი თანხებზე. ორასი ათას ამერიკულ დოლარზე, რომელიც გივი თარგამაძის დავალებით გადაირიცხა ვინმე კეკელიძის ანგარიშზე. საქმეში ფიგურირებს “რუსთავი 2“ -ის იმჟამინდელი დირექტორი გოგი გეგეშიძე“, -განაცხადა მამაცაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული თანხა გივი თარგამაძემ კეკელიძის ანგარიშზე დავით ბენიძის საშუალებით ჩარიცხა.
მამაცაშვილი ორშაბათს აღნიშნული საქმის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართავს და აუდიოჩანაწერებს გადასცემს. მამაცაშვილმა არ დაასახელა წყარო, რომელმაც აუდიო-მასალა გადასცა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=SbNcHLDapbk” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები