დღეს 100 ათასი მოწამის ხსენების დღეა

100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, 13 ნოემბერს, მეტეხის ხიდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. როგორც “კვირას“ საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნიდან” აცნობეს, ქალაქის სხვადასხვა უბნიდან მეტეხის ხიდისკენ ლოცვითი მსვლელობები გაიმართება. კერძოდ, 14:00 საათზე, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი მსვლელობა დაიწყება დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიიდან, 15:00 საათზე კი, ერთდროულად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან და ვარდების მოედნიდან.
სპორტის სასახლიდან და დიდუბის პანთეონიდან მსვლელობის მონაწილეები ერთმანეთს შეუერთდებიან გმირთა მოედანზე. შემდეგ ისინი ვარდების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ასევე შეკრებილ მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან. ვარდების მოედნიდან კი სავარაუდოდ 16:00 საათისთვის სამღვდელოება, მრევლი, ბაირაღოსნები და მედროშეები, საზეიმო მსვლელობით წააბრძანებენ წმინდა 100 000 მოწამის ხატს მეტეხის ხიდამდე, სადაც მათ ასევე ისნიდან მომავალი მრევლი შეუერთდებათ. “დავითიანნი” საზოგადოებას მიმართავს, მიიღონ მონაწილეობა დღესასწაულის ერთად აღნიშვნაში, მსვლელობებში და ამით გმირი წინაპრების ხსოვნას პატივი მიაგონ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II კი მეტეხის ხიდზე პარაკლისს, 17:00 საათზე დაიწყებს, რომლის დასრულების შემდეგ მოწამეთა პატივსაცემად მტკვარში ყვავილები ჩაიყრება.
წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ედინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის მე-13 საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს, რაც არ შეასრულეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები