საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

 

  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის ჰასან ერბილის ხელმძღვანელობით, საქართველოში მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
პროკურატურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს გიორგი ბადაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრუქტურა, საქმიანობა და ძირითადი ფუნქციები გააცნო. ამასთან, განიხილეს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მათი უწყებების მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი მოადგილეებთან – ირაკლი შოთაძესთან, გიორგი გოგაძესთან და გიორგი გაბიტაშვილთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თურქეთის დელეგაციის წევრები, პროკურორები – ახმეტ კოჩაგოზი, კუნიეტ ბოქულბასი, მუამმერ ჩალიკი და საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები.
თურქეთის პროკურატურის მაღალჩინოსნები ასევე, ქ. თბილისის პროკურატურას და საქართველოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ეწვივნენ, სტუმრებმა სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები დაათვალიერეს. შეხვედრა გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშიც, სადაც თურქი პროკურორები სააგენტოს საქმიანობას გაეცნენ.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლემა და თურქეთის დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები