თავდაცვის სამინისტროს შემოწმების შედეგები პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება

   სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალებს პარლამენტს რამდენიმე დღეში გადაუგზავნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.
“ის მასალები, რომლებიც ჩვენ მიერ უკვე არის გადაგზავნილი მთავარ პროკურატურაში და რომელიც, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რა თქმა უნდა, პარლამენტის მოთხოვნის შესაბამისად გადაეგზავნება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტს, ასევე ნდობის ჯგუფს. ის მასალები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, არ უკავშირდება “სილქნეტთან” დაკავშირებულ შესყიდვას და არც კვებასთან დაკავშირებულ საკითხს, ანუ იმ თემებს, რომლებზეც საუბარი იყო მთავარი პროკურატურის მხრიდან. ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვა ტიპის შესყიდვებს, რაზეც ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს”, – განაცხადა თორდიამ.
აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში 2013 წლის ზაფხულიდან მუშაობს. ის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებული სამუშაოების საკითხს სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები