მაია ფანჯიკიძე: მე მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას

„მე მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას“, – ასე გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძე მისი ყოფილი მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის ფაქტს.
ყოფილმა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ ასევე განაცხადა, რომ საზოგადოება მისგან ვერ მოისმენს ისეთ სიტყვებს, რომელიც პრემიერმა ყოფილი თანაგუნდელების მიმართ გამოიყენა და ავტორს სხვა თემაზე გადასვლა სთხოვა. ყოფილმა მინისტრმა ასევე გადაცემის მსვლელობის დროს გაიხსენა, ის დღე როდესაც თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.
„როდესაც ირაკლი ალასანია მოხსნეს თანამდებობიდან, მეორე დილას მე მივედი სამსახურში, და არა მხოლოდ ჩემს მოადგილეებს, არამედ მთელ კოლეგიას, რომლის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორები და ელჩები, მე მათ გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება. ჩემი მოადგილეებისთვის, გადადგომასთან დაკავშირებით არაფერი მითქვამს და არც მქონდა ამის უფლება. მსგავსი არაფერი არ ყოფილა, ყველა იყო თავისუფალი თავის არჩევანში და ყველამ გააკეთა თავისი არჩევანი“ – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის მოადგილეებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადადგომის თაობაზე, მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ამგვარი საუბარი მხოლოდ დავით ზალკალიანთან ჰქონდა. მას შემდეგ რაც, მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა დატოვა, მეორე დილას ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილმა დაურეკა. “მეორე დილას მან [ბერუჩაშვილმა] დამირეკა და მითხრა, რომ ჰქონდა პრემიერთან შეხვედრა, ვრცელი საუბარი და რომ ის რჩება თანამდებობაზე, ანუ მოადგილის თანამდებობაზე. ეს იყო და ეს. მე რასაკვირველია აბსოლუტურად არანაირი რეაქცია ამაზე არ მქონია” – განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მინისტრად წარდგენილი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარე თვეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 5 ნოემბერს ფანჯიკიძესთან ერთად გადადგა. გადადგომისას მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია. მეორე დღეს კი ბერუჩაშვილმა თქვა, რომ პრემიერთან საუბრის შემდეგ, პოსტზე დარჩენა გადაწყვიტა. “ეს იყო ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა”, – ასე ახსნა მან დღეს 5 ნოემბერს მიღებული და შემდეგ შეცვლილი გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები