„გამგებლისა და მერის 50%+1 ბარიერით არჩევა ყველაზე სამართლიანი პრინციპია“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის 50% მდე გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტი კახა კახიშვილი მიესალმება, თუმცა, მისი თქმით, იმისათვის რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩატარდეს ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი პირობები ექნება, მხოლოდ 50%- +1 -იანი ბარიერი არაა საკმარისი. კახიშვილის განცხადებით, ამისთვის საჭიროა საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესების შეცვლა და ბიომეტრიული სიები.
“მისასალმებელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოთქვა მოსაზრება, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა გამგებელი და მერი 50%+1 ბარიერით აირჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეული პირი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ იქნება არჩეული. ეს ყველაზე სამართლიანი პრინციპია. ამას ვითხოვდით ძალიან დიდი ხანი, “ნაციონალური მოძრაობის” პირობებში ამ მოთხოვნას აყენებდა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, სამწუხაროდ, იმ დროს ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული. კანონში თვითმმართველობის შესახებ, პრინციპის დონეზე 50%-იანი ბარიერი იყო მიღებული. შემდეგ, “ქართული ოცნება” 40%-იან ბარიერზე შეჩერდა, რადგან, მათივე განმარტებით, 40%-იანი ბარიერი ინვესტიციების მოზიდვას და სტაბილურობას უწყობს ხელს. საბოლოოდ, მაინც კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ახლა ძალიან საინტერესოა იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ 40%-იანი ბარიერი 50%-იან ბარიერს ჯობდა. იმედია, პრემიერის ინიციატივა პარლამენტის უმრავლესობისთვის მისაღები იქნება და ის როგორც თვითმართველობის, ისე საარჩევნო კოდექსში აისახება”.
ამავდროულად, სამართლიანი არჩევნებისთვის მხოლოდ 50%-იანი ბარიერი არაა საკმარისი. “ქართულ ოცნებას” რეალურად აქვს შანსი, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს და ეს შანსი უნდა გამოიყენოს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩატარდეს ნორმალური, დემოკრატიული არჩევნები, სადაც ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი პირობები ექნება. რა თქმა უნდა, ამისთვის მხოლოდ 50%-იანი ბარიერი არაა საკმარისი. ამისთვის საჭიროა საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესების შეცვლა, ბიომეტრიული სიები და სხვა. რეალურად კონკურენტული არჩევნები უნდა ჩატარდეს“,- წერს კახი კახიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

1932098_717529328291914_1223649043_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები