„საქართველოს ელჩი ეგვიპტეში შექმნილ ვითარებას სწავლობს“
ეგვიპტელი ისლამისტების მოწოდებას, სადაც ისინი ტურისტებს ქვეყნის 20 თებერვლამდე დატოვებისკენ მოუწოდებენ, საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა. როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ვეკუამ განუცხადა, საქართველოს საელჩო ეგვიპტეში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. მისივე თქმით, საქართველოს ელჩი ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი ამჟამად სინაის ნახევარკუნძულზე იმყოფება და ადგილზე ეცნობა ვითარებას, რის შემდეგაც საგარეო უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა რეკომენდაციით მიმართოს მოქალაქეებს. ვეკუას განცხადებით, ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებებში ამ დრომდე საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაზარალებულა, თუმცა ელჩი სიტუაციას დეტალურად სწავლობს, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო უწყება გადაწყვეტს, გასცეს თუ არა მოქალაქეებისთვის რეკომენდაცია – თავი შეიკავონ ეგვიპტეში სტუმრობისგან. „საქართველოს ელჩი ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი ამჟამად სინაის ნახევარკუნძულზე იმყოფება და ადგილზე ეცნობა ვითარებას, რის შემდეგაც საგარეო უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას, მოუწოდოს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ეგვიპტეში ჩასვლისგან. აქამდე მომხდარ აფეთქებებში ჩვენი მოქალაქეები არსად არ დაშავებულან. ამ დროისთვის საკონსულოც და საელჩოც, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“,- განაცხადა ირაკლი ვეკუამ. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტური ისლამისტთა დაჯგუფება “Ансар Бейт аль-Макдис”-ი ეგვიპტეში მყოფ უცხოელ ტურისტებს 20 თებერვლამდე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. ისლამისტები, რომლებმაც ისრაელის საზღვართან სამხრეთ კორეელი მომლოცველებით სავსე ავტობუსის აფეთქება აღიარეს, უცხოელებს ქვეყნის დროულად დატოვებას ურჩევენ. რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსში თავი აიფეთქა, რასაც ორი ტურისტის და ავტობუსის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათი ტურისტი კი დაშავდა. ევიპტელი ექსტრემისტები გასული წლის შემოდგომიდან, მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი თანამდებობას ჩამოაშორეს. მურსის შემდეგ ეგვიპტეში ისლამისტური ემირატის შექმნის საწინააღმდეგოდ ბრძოლა დაიწყეს. მებრძოლების წინააღმდეგ კაირომ სამხედრო დანაყოფები ჩართო. დანაყოფების წევრები დაჯავშნილი ტექნიკითა და სამხედრო ვერტმფრენებით არიან აღჭურვილი.