განათლების სამინისტრო სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების (0-8 წლამდე) სიცოცხლის გადასარჩენად უსასყიდლოდ სისხლი გაიღეს. მ. იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვები (0-8 წლამდე). ამ ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები, დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ძალიან ხშირად იქმნება დეფიციტი, პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება. როგორც სამინისტროში აცხდებენ, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბავშვთა ლეიკემიურ დაავადებებთან ბრძოლის პროცესში.
„სამინისტრო თავისი ჩართულობით დაეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ პროექტებში. სამინისტრო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით სისტემატურად გაეცნობა შპს „სისხლის ბანკის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას სათანადო ქმედებების შეუფერხებლად განსახორციელებლად“, – აცხადებენ სამინისტროში.