პრობაციის რეგიონული ბიუროების შუამდგომლობით, კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

  სასამართლომ მალხაზ გ-ს, ერთწლიან პირობით მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად, 80 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაც განუსაზღვრა და მის აღსრულებაზე კონტროლი შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს დაავალა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციონერმა ქარელის დასუფთავების სამსახურში განაჩენით განსაზღვრული პერიოდი იშრომა. დამსაქმებლის დახასიათების გათვალისწინებით, ბიურომ, მალხაზ გ-ს დასაქმების შუამდგომლობით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და კერძო კომპანიებს მიმართა. ბიუროს რეკომენდაციის საფუძველზე, მალხაზ გ. დასაქმდა ქარელის მეტალოპლასმასის საამქროში, სადაც ის ყოველთვიურად 300 ლარს გამოიმუშავებს. უწყების ინფორმაციით, იმერეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციის საფუძველზე, კიდევ ერთი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა ვანის ავტომანქანების სამრეცხაოში. პირობით მსჯავრდებული ნოდარ შ. ხელფასს გამომუშავების მიხედვით მიიღებს. „პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობაციონერთა რესოციალიზაცია და შრომით საქმიანობაში მათი ჩაბმა წარმოადგენს. პრობაციის რეგიონული ბიუროები, მათ კონტროლს დაქვემდებარებული პირობითი მსჯავრდებულების დასაქმების მიზნით, სისტემატურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციასთან“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები