„ჩვენ მიერ დახარჯული ყოველი თეთრი კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს “

  ჩვენ მიერ დახარჯული ყოველი თეთრი და განსახორციელებელი ყოველი რეფორმა კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებულ ფორუმზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური შედეგი მივიღოთ. “ნებისმიერი პოლიტიკის განხორციელება მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილურობის პირობებში იქნება ეფექტიანი. შესაბამისად, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის გატარებას. ბუნებრივია, საჭიროებები და სურვილები ყოველთვის აღემატება შესაძლებლობებს, ამიტომ ჩვენ მიერ დახარჯული ყოველი თეთრი და განსახორციელებელი ყოველი რეფორმა კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, რათა მან მაქსიმალური ეფექტი მოგვცეს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
“ადგილობრივმა ბიზნესმა უნდა დაასაქმოს ადამიანები. სოციალური დახმარება უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად მისამართული. იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი იგრძნოს მოსახლეობამ, მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამები არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა გაიზარდოს მათივე შრომის ანაზღაურებით და ქვეყანაში დოვლათის შექმნით. შრომის ბაზარზე პრობლემას წარმოადგენს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. ადამიანებს განათლება აქვთ ისეთ სფეროებში, რომლებზეც შრომის ბაზარზე მოთხოვნა ნაკლებია. ამავე დროს, არასაკმარისია სათანადო პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა იმ ადგილების შესავსებად, რომლებსაც პროფესიული კვალიფიკაცია სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით”, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები