თბილისში 90 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

თბილისში, თემქის მე-3 მ/რ-ში 90 დევნილ ოჯახს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე – პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი ბინების გასაღებები გადასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, თემქის მე-3 მ/რ მე-4 კვარტალში მდებარე ყოფილი 142-ე სკოლის შენობას დევნილთა სამინისტრომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს NBG-მ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 1 293 500 მილიონი ლარი შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით,  შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად სამინისტროში სულ 650 განაცხადი შევიდა, რომელთაგან, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 90 დევნილი ოჯახი შეირჩა.
შესახლებამდე ერთი კვირით ადრე დევნილთა სამინისტროში, ბინები ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის მიხედვით გამოვლინდა, თუ ვინ რომელ სართულზე მიიღებს საცხოვრებელ ფართს. 4- სართულიან შენობაში სულ 90 ბინაა, აქედან – 15 ერთოთახიანი, 67 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 30 დევნილი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინაციის სამსახურის მრჩეველი ქეთევან დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები