“თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი” – ლევან მახაშვილი

“თუკი ვინმეს რაიმე სპეკულირების მიზანი ჰქონდა, დღეს ყველა ასეთ სპეკულაციას ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი. ყველა სპეკულაციური განცხადება არის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება, რადგან, რაც უნდა იყოს, გეოგრაფიას ვერავინ გადაახტება”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ილჰამ ალიევის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„ჩვენ უცბად ვერ გავიღვიძებთ და ვერ აღმოვჩნდებით არგენტინის ან ვიეტნამის მეზობელი. ჩვენ ისევ აქ ვიქნებით და გეოგრაფიას ვერავინ უგულებელყოფს. რაც არ უნდა სხვა იდეა, თუ ალტერნატიული შეთავაზებები ჰქონდეს ვინმეს, არსებული ინფრასტრუქტურა იმდენად მყარად არის, საქართველოს არსებული გეოგრაფია იმდენად სტრატეგიულად არის განლაგებული, რომ შეუძლებელი იქნება შუა დერეფნიდან საქართველოს ამოგლეჯა.

იმის გააზრებით, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი დერეფანი, დღევანდელობაში 100%-ით მისი ენერგეტიკული რესურსები გადის საქართველოს გავლით. საქართველო ყველაზე მოკლე გზა არის ევროპამდე ენერგო რესურსების მიღწევის თვალსაზრისით. საქართველოს აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, რაც არსებითად ცვლის სიტუაციას. საქართველოს უკვე აქვს არსებული ინფრასტრუქტურა პორტებიდან დაწყებული, რკინიგზით დამთავრებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს როლი არის უალტერნატივო, საქართველოს ყოველთვის ექნება არსებითად დიდი უპირატესობა სხვა გზებთან შედარებით“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები