პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან
კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, – ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას, თუ ვინ ისარგებლებდა „ამ ტიპის დანახარჯებით“.
„კორუფციული სქემით, დანაშაულებრივად გახარჯული თანხით თუ ვინ ისარგებლებდა, რა მოცულობით, სად და როდის – ამაზე გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი. თვითონ იღებდა გადაწყვეტილებებს, თუ ვინ შეძლებდა მისი გარემოცვიდან ამ ტიპის დანახარჯებით სარგებლობას“, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონ ლარამდე გაფლანგვის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას თანხის დაბრუნება დაევალათ.