აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შემაჯამებელ მოხსენებაში მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება უწყების მიერ დევნილთა მხარდასაჭერად, ცენტრალურ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა, ასევე სამინისტროს ძირითად მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მოხსენების შემდეგ, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, რომელმაც წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა, მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დევნილთა სოციალური და ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, აქტიური თანამშრომლობისა და დევნილთა მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
ანგარიშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.