გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევებმა ოზურგეთის, სამტრედიის, ყაზბეგისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს დაახლოებით 400 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმის მასალები კი შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, 2025 წელს, 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 141 ფაქტი გამოავლინა. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 47 ფაქტი შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 2,5 მილიონ ლარს აჭარბებს.