მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ფარმაცევტულ სექტორში ფასწარმოქმნის პოლიტიკის რეგულირება და ამაზე თვალყურის დევნება
“როდესაც საუბარია წამალზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ფასზე იყოს რეგლამენტი დაწესებული”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი.
„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ფარმაცევტულ სექტორში ფასწარმოქმნის პოლიტიკის რეგულირება და ამაზე თვალყურის დევნება. სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამაზე არის დამოკიდებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების თვალსაზრისით გარკვეული წნეხის შემცირება.
ბუნებრივია არის გარკვეული პროდუქტები, რომელთა მიმართებაშიც ხელმისაწვდომობა არ არის იმდენად სენსიტიური, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს ფარმაცევტულ სექტორში. როდესაც საუბარია წამალზე, სამკურნალო საშუალებებზე და ასეთ პრეპარატებზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ აქ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ერთის მხრივ ხარისხზეც, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასზეც იყოს ისეთი რეგლამენტი დაწესებული, რომელიც ხელმისაწვდომობას მოქალაქისთვის უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, ამას მუდმივად აკვირდება ჯანდაცვის სამინისტრო. მუდმივად თვალყურს ადევნებს, როგორ ვითარდება სექტორში საქმეები.
ფაქტია, რომ რეფერენტული ფასები ამ დრომდე მუშაობს ისე, როგორც ბევრ ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოში. საქართველოშიც ამან მოიტანა დადებითი შედეგი. დაახლოებით 7000 დასახელების მედიკამენტზე დღეს არსებული ფასი არის ზუსტად ისეთი, როგორიც მაგალითად, ევროპულ რამდენიმე სახელმწიფოში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.