მედია: აშშ-ში ძლიერ თოვლს და უამინდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა

შეერთებულ შტატებში ძლიერი თოვლის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა,-ამის შესახებ ინფორმაცია Associated Press-მა (AP) გაავრცელა.

მედიის ცნობით, მიზეზებს შორისაა თოვლის საწმენდი მანქანების უყურადღებო მძღოლები, რომლებიც უკან გადაადგილებისას ადამიანებს დაეჯახნენ. არკანზასსა და ტეხასში ციგურებით სრიალის დროს რამდენიმე მოზარდი დაიღუპა.

შაბათ-კვირას ნიუ-იორკის ქუჩებში ძლიერი ყინვების დროს რვა ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. მათი გარდაცვალების გარემოებები გამოძიების პროცესშია. შტატში ტემპერატურა, სავარაუდოდ, -12.3 ცელსიუსს მიაღწევს.

ამასთან, ამინდმა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. სააგენტოს მიერ მოყვანილი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

AP-ის ცნობით, ამ კვირის ბოლოს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში შესაძლოა თოვა და უამინდობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

როგორც NBC News იტყობინება, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 23 შტატში. უამინდობა აშშ-ის 185 მილიონ მოსახლეს შეეხო, 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩა. 25 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტი რეისი გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები