საბოტაჟის საქმეზე გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
გარდა გირაოს შეფარდებისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაშაძეს საგამოძიებო უწყებისთვის პირადობისა და პასპორტის ჩაბარებაც დაევალა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ის მისთვის შეფარდებულ გირაოს გადაიხდის.
მისივე თქმით, საქმეში მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით.