გიორგი ვოლსკი – ლორა თორნტონზე: დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს
“დაფინანსებულმა დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს და უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ლორა თორნტონსა და 28 იანვარს ჰელსინკის კომისიაზე გასამართ მოსმენაზე საუბრისას განაცხადა, სადაც თორნტონი საქართველოს შესახებ მოხსენებით გამოვა.
მისივე თქმით, ლორა თორნტონი და თორნტონის ფრთა მაკკეინის ინსტიტუტში უცხოურ დაფინანსებაზე არიან.
„ლორა თორნტონი, მთელი ეს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ბრიგადა და რადიკალების კონკრეტული ლიდერები მათ კმაყოფაზე არიან – ზოგს ასპირანტი ჰქვია, ზოგს სხვა სახელი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ერთი დიდი გუნდი, „ნაცმოძრაობა“ და თორნტონის ფრთა მაკკეინის ინსტიტუტში, რასაკვირველია, მთელ ინსტიტუტს მათ პოზიციას ვერ გამოვუტანთ ახლა რაიმე დასკვნას, მაგრამ ფაქტი ეს არის და ეს არის მოცემულობა. წინა ძალისხმევამ უშედეგოდ ჩაიარა. ამ შემთხვევაშიც იქნება განხილვა, შემდეგ გარკვეული პროცედურებია გასავლელი კონგრესში. გარკვეული მხარდაჭერა სჭირდება ამის განვითარებას. მაგრამ, ფაქტია, ასეთი შეშფოთება, აღშფოთების ახალი ტალღა დაკავშირებულია იმ ძალების გააქტიურებასთან, რომელსაც ჩვენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებთ.
შეიძლება ვიფიქროთ, დავუშვათ და ამ დაშვებას აქვს გარკვეული საფუძველი, რომ პოზიტიური ტენდენციები გამოჩნდა, გამოიკვეთა ორმხრივ ურთიერთობაში და შეშფოთებულმა, დაფინანსებულმა ამ დიდმა გუნდმა, საერთაშორისო ნაკრებია უკვე, გადაწყვიტა, რომ წინ აღუდგეს, დაუპირისპირდეს კვლავ საქართველოს, ამ უსაფუძვლო ბრალდებებით საქართველოზე შეტევა კვლავ აქტუალური გახადოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
“ქრონიკის” ინფორმაციით, ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული თემით – „ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში “ენ დი აიას” ოფისს ხელმძღვანელობდა.