კახა კალაძე: მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა

„შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ და ზუსტად დებატების გზით საზოგადოება გაიგებს რომელი მიმართულებაა სწორი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისივე ვარაუდით, საქართველოში პოლიტიკური დისკუსიები რომ არ უნდა გამართულიყო, ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა.

„ყოველთვის მისასალმებელია პოლემიკა, დებატები. ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან დამკვიდრებულია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება და ეს გარკვეული პოლიტიკური პარტიების ყოველდღიური პრაქტიკაა. აქამდეც არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია. გავიხსენოთ წინასაარჩევნო კამპანია მუნიციპალიტეტის დონეზე. არავის, ერთი ორის გამოკლებით, არ უსაუბრია დედაქალაქის გამოწვევებზე, მხოლოდ უაზრო თემები იყო გამოგონილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ტელეკომპანია „პირველის“ კითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობს მათ სატელევიზიო დებატებში, განაცხადა, რომ აქამდე აღნიშნული ტელევიზია მხოლოდ სიცრუის გავრცელებით შემოიფარგლებოდა.

„ტელეკომპანია „პირველი“ დაკავშირებულია სიცრუესთან, სიყალბესთან. როდესაც დებატებზე ვსაუბრობთ, საუბარია ჯანსაღ საზოგადოებაზე. თქვენი ტელევიზია შემოიფარგლებოდა სიცრუით. ეს ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია ვთქვა. თქვენ სასამართლოც გაქვთ წაგებული სიცრუის გამო. მოგიწევთ, დაფიქრდეთ თქვენს ყოველდღურობაზე, რა გადაცემებსაც აკეთებთ. მოგიწევთ ამ ყველაფრის გამოსწორება, თუ გინდათ, საზოგადოებას უთხრათ სიმართლე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები