ირაკლი ქადაგიშვილი: მივესალმები სტრასბურგის მიერ “საია”-ს საჩივრის განხილვას – ვფიქრობ, საქმის ობიექტურად განხილვის შემდეგ, დასრულდება არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სპეკულაცია
“მივესალმები სტრასბურგის მიერ “საია”-ს საჩივრის განხილვას – ვფიქრობ, საქმის ობიექტურად განხილვის შემდეგ, დასრულდება არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სპეკულაცია,”- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდოდათ არჩევნების დისკრედიტაცია. მიმართეს თურმე სტრასბურგის სასამართლოს, რომ არჩევნების შედეგების გაუქმება მომხდარიყო. ფორმალურად, ფიზიკური პირების სახელით იყო [სარჩელი წარდგენილი], თუ როგორ, ეს იყო მათი ეგიდით გაკეთებული ქმედება. როგორც ჩანს, ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა, რომ არ მიეღო მათთვის სასურველი გადაწყვეტილება სტრასბურგს, პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ. რაც შეეხება იმას, რომ სტრასბურგი მათ საჩივარს განიხილავს, მე ამას მხოლოდ მივესალმები, რადგან ვფიქრობ, საქმის ობიექტურად განხილვის შემდეგ, დასრულდება ყველა ის სპეკულაცია, რომელიც ამ არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა,”- აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც “საია”-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.