დავით ქართველიშვილი: მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ვუქომაგოთ ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი
„ფიგურული სრიალი, არასდროს იყო ქართველების სპორტის სახეობა. დღეს ქართული გენია, კვარცხლბეკის ამ სახეობასაც იპყრობს და ახალ მწვერვალებს, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველის ნიჭის წყალობით ახერხებს. ეს არის ეთერ თუთბერიძე და მისი ინტერნაციონალური რაზმი,” – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და გულშემატკივრებს მოუწოდებს მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე უქომაგოს ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი.
„მე „ისე რა” სპორტის მოყვარული ვარ, მაგრამ გნებავთ ძალოსნებში, მოჭიდავეებში თუ სხვა სახეობებში, უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ გამომსვლელ ქართველებს ვქომაგობდი ყოველთვის. გუშინ კვარას გამოჩენას ველოდებოდი და მის ფანტასტიურ გოლს, თორემ „პსჟ” ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. „მამლუქობა”, ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილია. აწ უკვე არარსებული „ქურთისტანის” დედაქალაქის – სულეიმანის დამაარსებელიც ხომ ქართველი მამლუქი, სულეიმან-ფაშა იყო. ამიტომაც, განსაკუთრებით ვუყვარვართ ალბათ ჩვენს იეზიდ-ძმებს და მეც მიყვარს ისინი განსაკუთრებულად, ზოგადად, ჩემი მშობლიური დედაქალაქის სისუფთავისა და კერძოდ, სოლოლაკსა და საბურთალოზე ტკბილი სამეზობლოს გამო.
რაში დამჭირდა ამხელა წინასიტყვაობა? გაუმარჯოს რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველ გენიალურ ექიმს, საიდანაც ბევრი სამედიცინო დარგს ხელმძღვანელობს (ლეო ბოკერია, ზურაბ კეკელიძე, იუსტინ ჯანელიძე, ამირან რევიშვილი და უამრავი სხვა). ცალკე სასაუბრო თემაა, ზურაბ წერეთლის უკვდავი ღვაწლი ზოგადად მართლმადიდებლურ კულტურაში. აღარაფერს ვამბობ, მომღერლებზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე, სპორტსმენებზე. ფიგურული სრიალი, არასდროს იყო ქართველების სპორტის სახეობა. დღეს ქართული გენია, კვარცხლბეკის ამ სახეობასაც იპყრობს. და ამ ახალ მწვერვალებს, კიდევ ერთი ეთნიკური ქართველის ნიჭის წყალობით ახერხებს და ეს არის, ეთერ თუთბერიძე და მისი ინტერნაციონალური რაზმი. თვით ქალბატონი ეთერის ქალიშვილიც (წყვილებში) – დიანა დევისი, საქართველოს ნაკრების წევრია. ეთერ თუთბერიძის ხელმძღვანელობით, ჩვენს სახელოვან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსნებზე, ხომ აღარაფერს ვამბობ. ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ პირადად მე, სპორტში კონსერვატორს და რეტროგრადს, საკუთარი შვილიშვილები შემაყვარებდნენ ფიგურულ სრიალს…
მოკლედ! მოვუწოდებ ქართველ გულშემატკივარს, მილანის ზამთრის ოლიმპიადაზე ვუქომაგოთ ეთერ თუთბერიძის გუნდს, მიუხედავად იმისა, რა ეროვნების, თუ ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ისინი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს გენიალურ ნაკრებს ვუქომაგოთ მისი ხელმძღვანელობით. ამიტომ მინდა, რომ ჩვენი „ქალური” (“თამარ მეფის”) ორდენით დავაჯილდოვოთ ქართული გენისა და ნიჭის ეს ულამაზესი მატარებელი ქალბატონი. ერთ-ერთ მის ინტერვიუში ამოვიკითხე მისი მოგონებები მამაზე: მისგან ვიციო ის მწირი ქართული გამონათქვამებიო, საიდანაც თამადა მამაჩემის ფრაზა მახსოვსო – „გაუმარჯოს!”. ჰოდა, ყველა ქართველს გაუმარჯოს, თუ კი ის საქართველოს ასახელებს,” – წერს დავით ქართველიშვილი.