“ევროპა ამბობს, რომ უნდა – ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა გააფართოოს, ასევე ამბობს, ამერიკა რატომ ერევა ევროპის შიდა საქმეებშიო; გამარჯობა, მეგობრებო!” – მაჭარაშვილი

“რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობაზე, პარტნიორობაზე და ვამბობდით, რომ ვასალობა და მონური დამოკიდებულება დაუშვებელია”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მაკრონი ამბობს, რომ ჩინეთთან ძალიან დიდი სავაჭრო ურთიერთობები სურს.

“ევროპა ამბობს, რომ უნდა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა გააფართოოს, ასევე ამბობს, რომ ამერიკა თურმე რატომ ერევა ევროპის შიდა საქმეებში. გამარჯობა, მეგობრებო! სამართლიანობა თქვენთანაც მოვიდა?! ჩვენ როცა ვამბობდით, პარტნიორული ურთიერთობა გვინდოდა და არა – ვასალური. სიტყვა ვასალური რომ ვახსენეთ, ევროკავშირის ბიუროკრატიაში მეორედ მოსვლა ატყდა. ახლა კი ყოველ მეორე დღეს ამბობენ, რომ ვასალობა თურმე კარგი არ ყოფილა. ევროკავშირს ახლა ის ემართება, რასაც სხვის მიმართ უსამართლოდ ახორციელებდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ევროკავშირს ზუსტად იგივე უბრუნდება ბუმერანგის პრინციპით. რა შეურაცხმყოფელ, უსამართლო განცხადებებსაც და ქმედებებსაც ახორციელებდნენ ევროკავშირი, მისი ქვეყნების ზოგიერთი ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში, უკან იგივე უბრუნდებათ. როდესაც შენზე უფრო მცირე ქვეყანას უსამართლოდ ჩაგრავ, ემუქრები და უკანონოდ გინდა, იქ ხელისუფლებები შეცვალო, რა თქმა უნდა, სამართლიანობის და კანონზომიერების პრინციპი არსებობს და იგივე მიუბრუნდა. ევროკავშირში იმას იმკიან, რა უსამართლობაც დათესეს საქართველოსთან მიმართებაში“, – თქვა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები