არჩილ გორდულაძე: არ არსებობს სტანდარტი, რომელიც „ბიბისიმ“ არ დაარღვია – უნდოდათ შეექმნათ მოცემულობა, რომელზეც შემდეგ პოლიტიკური ინსინუაციები და საქართველოზე დარტყმა იქნებოდა
„არ არსებობს სტანდარტი, რომელიც „ბიბისიმ“ არ დაარღვია. უნდოდათ შეექმნათ მოცემულობა, რომელზეც შემდეგ პოლიტიკური ინსინუაციები და საქართველოზე დარტყმა იქნებოდა,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ „ბიბისის“ მიერ მომზადებულ ფილმზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია საერთაშორისო დონეზეც დადასტურდეს “ბიბისის” ტყუილები, როგორც მაგალითად „რუსთავი 2“-ის, მელიას და გვარამიას საქმეებში დადასტურდა ქართული სახელმწიფოს უდანაშაულობა.
„ეს არის ტყუილების კასკადი, რომელიც ვიხილეთ „ბიბისის“ ფილმში. არ არსებობს სტანდარტი, რომელიც „ბიბისიმ“ არ დაარღვია. უნდოდათ შეექმნათ მოცემულობა, რომელზეც შემდეგ პოლიტიკური ინსინუაციები და საქართველოზე დარტყმა იქნებოდა. კრიტიკას ვერ უძლებს ეს ზღვა ტყუილები. საკითხი ეყრდნობა ჩახუნაშვილის, ბაჩიაშვილის და სხვა პირების მოსაზრებებს. უნდოდათ შექმნილიყო აღქმა, თითქოს საქართველოში გამოიყენეს კამიტი. არ მესმის როგორ შეიძლება არსებობდეს საქართველოში მოქალაქე, რომელიც როდესაც იგებს, რომ ხელისუფლებას აბრალებენ ასეთ უმძიმეს დანაშაულს, ელემენტარულად აღშფოთებასაც არ გამოხატავს, ეთანხმება და ახსენდება, რომ ერთი წლის წინ მის თუთიყუშს ბუმბული დასცვენია და ძაღლი გაჰბრაზებია პატრონს. ეს იარაღი რომ გამოეყენებინათ საქართველოში, მერწმუნეთ ბევრი ფატალური შედეგი დადგებოდა.
აუცილებელია საერთაშორისო დონეზეც დადასტურდეს „ბიბისის“ ტყუილები, როგორც მაგალითად „რუსთავი 2“-ის საქმეში, მელიას საქმეში და გვარამიას საქმეში დადასტურდა ქართული სახელმწიფოს უდანაშაულობა. ყველანაირი მექანიზმი უნდა ვცადოთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ სამართლებრივადაც გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს შესაბამისი პროცედურა. შევიტანეთ სარჩელი „ბიბისიში“, თუ არ დაკმაყოფილდება, განხილვა გაგრძელდება იქაურ კომუნიკაციების ბიუროში, თუ არც იქ დაკმაყოფილდება, სასამართლოში. შემდეგ ვიტოვებთ იმის უფლებას, სტრასბურგის სასამართლოშიც გავასაჩივროთ. ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლის ხმა ისმოდეს ყველა პლატფორმაზე“, – აღნიშნა გორდულაძემ.