დავით ქართველიშვილი: ჩვენი აკაცუკების ყველაზე დიდი დისკომფორტი (ტელევიზორის და სარეცხის მანქანის არქონა საკანში, კვებაში “რუსული კონსერვები”) ადვილად შესადარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებსაც მათი ირანელი კოლეგები განიცდიან
პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ირანში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ პროტესტები ირანში აზიანებს ხელისუფლებას, თუმცა სისტემისთვის სასიკვდილო არ არის. ანალიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე, ირანული ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი არ არსებობს:
„ირანში, ამ ეტაპზე, ასეთ გადასვლებს ადგილი არა აქვს, ჯარი და ძალოვნები მონოლითური არიან, ელიტები არაა გახლეჩილი, ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი არ არსებობს” – წერს დავით ქართველიშვილი.
აღნიშნავს იმასაც, რომ ერთადერთი, რაც ქართველ „აკაცუკებს” აერთიანებთ საერთაშორისო „აკაცუკებთან”, ესაა ლოზუნგი: „აკაცუკებო ყველა ქვეყნისა – შეერთდით!”.
„ბანგლადეში გვინდა, ან შრი ლანკა, ან ნეპალი, ან ვენესუელა, ახლა – ირანი. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესასწაულზე თბილისს ამდენი ირანული დროშა ჯერ არ უნახავს (უკრაინულზე უკვე დიდი ხანია აღრაფერს ვამბობ). ცალკე უბედურებაა, რომ ვერც ერთ ჩამოთვლილ ქვეყანას მსოფლიო რუკაზე, დიდი ალბათობით, ვერ მოძებნიან, შრი ლანკასა და ცეილონს შორის ათი განსხვავების მოძიებას რომ თავი გავანებოთ. მოკლედ, ყველაფერი მოსწონთ, გარდა საქართველოსი და ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ლოზუნგია: “აკაცუკებო ყველა ქვეყნისა – შეერთდით!”
და მაინც, რა განსხვავებებია საერთაშორისო აკაცუკებს შორის? ჩვენი “პიროტექნიკული რევოლუციის” დროს, თეზისურად ჩამოვთვალე, რა უნდა გახდეს აკაცუკების გამარჯვების საწინდარი და რა აკლიათ საიმისოდ საქართველოში (ჯარისა და ძალოვანების აკაცუკთა მხარეზე გადასვლა, უკმაყოფილო მოსახლეობის კრიტიკული მასა, აფეთქების “დეტონატორის” არარსებობა – საომარი მოქმედებები, ეკონომიკური კოლაფსი და ა.შ.). ახლა კი გადავხედოთ ირანს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, დასავლეთის ავტორიტეტულ საექსპერტო მოსაზრებებზე დაყრდნობით…
მთავარი და, ალბათ, გადამწყვეტი ფაქტორი: “ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი”, ჯარი და ძალოვნები ცალსახად ხელისუფლების მხარეს არიან. ახლა კი გავყოთ თვით მოსახლეობა მნიშვნელოვან სეგმენტებად:
აქტიური საპროტესტო ბირთვი – 18-35 წლოვანების განათლებული ქალაქელები, სტუდენტობის ნაწილი, აქტივისტები. ქსელური ორგანიზატორები – მოსახლეობის 7-10%. ეს არის იდეოლოგიურად მოტივირებული მასა, რომელიც მზადაა რისკის გასაწევად და ქუჩაში გასასვლელად. ირანისთვის და ზოგადად, ეს არაა საკმარისად კრიტიკული რაოდენობა, რევოლუციების მოსაწყობად.
პასიური მხარდამჭერები – ქალაქელების ქვედა ფენა და საშუალო კლასის ნაწილი, ახალგაზრდა ოჯახები. მცირე მეწარმეები – ხელისუფლებით უკიდურესად უკმაყოფილო სეგმენტი, დაახლოებით მოსახლეობის 25-30%. მორალურად პროტესტანტების მხარეზე არიან, მაგრამ მათი ღია მხარდაჭერისთვის მზად არ არიან. სერიოზული “ტრიგერის” და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, მათი რადიკალიზაცია გამორიცხულია.
მერყევი მასა – მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი – 30-35%. ესენია პროვინცია, უფროსი ასაკობრივი ჯგუფები, სახელმწიფო სექტორის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ქვეყნის ეკონომიკით, გადაღლილები არიან სასანქციო მრავალწლიანი ცხოვრების წესით. მაგრამ, ქაოსის წინაშე შიშები ჭარბობენ რეჟიმის მიმართ სიძულვილზე. ასე რომ, მათი ლოიალურობა სიტუაციურია. ეს არის გადამწყვეტი ჯგუფი. სანამ ის ნეიტრალურია, რევოლუცია ვერ განხორციელდება
მოსახლეობის ლოიალური ნაწილი – 20-25%. ესენია: რელიგიური ბირთვი, ძალოვნები და მათი ოჯახის წევრები, პირდაპირი “სუბსიდიების” მფლობელები, იდეოლოგიურად მოტივირებული სეგმენტი. ესენი პროტესტების აქტიური მოწინააღმდეგები და ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მკაცრი და სასტიკი კონტრზომების მხარდამჭერები არიან. ეს არის თუნდაც მცირერიცხოვანი, მაგრამ ინსტიტუციურად ძლიერი რეჟიმის ძირითადი საყრდენი.
ჩემი დილეტანტური, არასაექსპერტო და ანალიტიკური დასკვნა: რევოლუციის წამოწყება 7-10%-ით შესაძლებელია, მაგრამ მისი გამარჯვებამდე მიყვანა პროტესტანტების მხარეზე პასიური და მერყევი მოსახლეობის, ასევე ელიტების ნაწილის გადასვლის გარეშე გამორიცხულია. ირანში, ამ ეტაპზე, ასეთ გადასვლებს ადგილი არა აქვს, ჯარი და ძალოვნები მონოლითური არიან, ელიტები არაა გახლეჩილი, ხელისუფლების ალტერნატიული ცენტრი არ არსებობს.
ამიტომ, ამ ეტაპზე მიმდინარე პროტესტები იმიჯურად აზიანებს ხელისუფლებას, მაგრამ სუსტემისთვის სასიკვდილო არ არის. ვითარება მკვეთრად შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასობრივად გამწვავდება ეკონომიკური კოლაფსი (ჰიპერინფლაცია, სუბსიდიური წყვეტა), სულიერი ლიდერის მოულოდნელი სიკვდილი, ძალოვნების მასიური უარი ბრძანების შესრულებაზე, გარედან განხორციელებული მასშტაბური სამხედრო დარტყმები დიდი რაოდენობის მსხვერპლით. ამ ყველაფრის გარეშე, ვერც რევოლუცია შედგება, და მით უმეტეს, რაღაც “პროტესტის 420-ე დღემდე” ვერანაირად ვერ მივა. ჩვენი აკაცუკების ყველაზე დიდი დისკომფორტი (ტელევიზორის და სარეცხის მანქანის არქონა საკანში, კვებაში “რუსული კონსერვები”) ადვილად შესადარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებსაც მათი ირანელი კოლეგები განიცდიან. აი ამის მერე კი, აფრიალონ ირანული დროშები თბილისის ქუჩებში…” – წერს დავით ქართველიშვილი.