აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს
მათივე ცნობით, მინისტრმა ანგარიშში იმ ძირითად საქმიანობებზე ისაუბრა, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს განახორციელა. ასევე სამომავლოდ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მთავრობის პრიორიტეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებაზე და აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. დაანონსდა სამინისტროს ფარგლებში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნა.
მოხსენების შემდეგ, მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა, მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში დადებითად შეაფასა და შერიგების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებაზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. პორტალი აფხაზეთის მთავრობის პროგრამებსა და სერვისებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აერთიანებს და მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გამარტივებასა და სამთავრობო ინიციატივებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.