“აშშ-ის მიერ ევროპელების დასანქცირებას მივესალმები – თავის ტყავზე გამოცადონ ის, რასაც სხვებს უკეთებენ” – შარმანაშვილი
“აშშ-ის მიერ ევროპელების დასანქცირებას მივესალმები – თავის ტყავზე გამოცადონ ის, რასაც სხვებს უკეთებენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 5 ევროპელი პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.
„ეს არის ბუმერანგის ამბავი. როდესაც შენ ახალისებ, ან თავად აკეთებ რამე ისეთს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. როდესაც პარლამენტს იღებენ და ცეცხლს უჩენენ და მეუბნები, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაშინ შენს ქვეყანაშიც გამოჩნდება ხალხი, ვინც შენს ქვეყანაში იმავეს გააკეთებს და ამას გამოხატვის თავისუფლებას დაარქმევს. იგივე არის აქაც, როდესაც შენ უხეშად ერევი სხვის საქმეებში და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ზღუდავ სხვების სუვერენიტეტს, ასანქცირებ ადამიანებს. მეც ვარ ერთ-ერთი ქვეყნის მიერ დასანქცირებული. საერთოდ, რაღაც ელემენტარული პროცედურა ხომ მაინც უნდა არსებობდეს, რომ კითხვა დაგისვან, ამაზე რას ფიქრობ. უბრალოდ, დილით ცუდად გაიღვიძა კაია კალასის სამშობლომ და თქვა, რომ ასე უნდა გავაკეთო. არგუმენტები არ აქვთ და ასე აკეთებენ. არგუმენტები რომ ჰქონდეთ, ჩვეულებრივად, სამართლებრივ პროცედურებს გაჰყვებოდნენ. ოლიმპიურ ჩემპიონთან რა საქმე აქვს ბალტიისპირეთის იმ ქვეყნებს, ვინც დაასანქცირა?! დეპუტატი სხვაც არის, რაღა ამ ოლიმპიურ ჩემპიონს ეცნენ?! ყველაზე უფრო უფრო დიდი დამნაშავე არის “დემოკრატიის უკუსვლისა”?! ამიტომ გეუბნებით, სასაცილო მდგომარეობაში იყენებენ თავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და მივესალმები ამას. თავის ტყავზე გამოცადონ ის, რასაც სხვებს უკეთებენ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 ევროპელ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. კერძოდ, სანქცირებულები არიან შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილი ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელი.