ირაკლი ქადაგიშვილი – კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია
„კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია,”– ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერს პასუხს გასცემს გამოძიება და სასამართლო პროცესი.
„ბრალი საკმაოდ მძიმეა. ყველაფერს პასუხს გასცემს გამოძიება და სასამართლო პროცესი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ქვეყანაში დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვლილია. იცვლება კორუფციასთან ბრძოლის მასშტაბიც და ალბათ, ეს არის ახალი ეპოქა კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის. ეს მხოლოდ ერთი ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხი არ არის, არამედ კომპლექსური საკითხია, რომელიც ბევრი მიმართულებით გამოიხატება. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რასაც არავინ გაურბის. პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევა იქნებოდა, თუ საკითხები მზის გულზე არ გამოვიდოდა. მიზანი გაცილებით დიდია, ვიდრე ამ გამოწვევების და პრობლემების მიჩქმალვა. ამ ღონისძიებების მასშტაბი იმდენად ფართოა, რომ მიანიშნებს არა რაღაც კამპანიურობაზე, არამედ იმაზე, რომ საქართველოში პრინციპულად სხვა მიდგომა იქნება კორუფციულ საკითხებზე. რევოლუციური ცვლილება ისევ ამ გუნდის პასუხისმგებლობა იქნება, რომელიც მომავალში განაპირობებს საქართველოს, როგორც კორუფციისგან ნაკლებად მოწყვლადი ქვეყნის ბედს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.