პარლამენტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ავტორობით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ინტერნეტსივრცეში საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.

ცვლილების მიხედვით, პირველად განისაზღვრება შუალედური მომსახურების მიმწოდებელთა (ინტერნეტპროვაიდერების) პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მკაფიო წესები. ეს ცვლილება შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს – ავტორებს, შემსრულებლებსა და მონაცემთა ბაზების მფლობელებს აძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები ინტერნეტსივრცეში.

ინერგება ე.წ. „შეტყობინება–წაშლის“ (Notice and Takedown) მექანიზმი, რომლის საფუძველზეც უფლებების მფლობელს შეუძლია წერილობით მოითხოვოს უკანონოდ გავრცელებული კონტენტის წაშლა ან მასზე წვდომის შეზღუდვა. შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია რეაგირება მოახდინოს 24 საათის ვადაში.

ცვლილების მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის დონის ამაღლება, ინტერნეტმეკობრეობის შემცირება და ლეგალური ციფრული ბაზრის განვითარება საქართველოში. ცვლილებები ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას.

მნიშვნელოვანია, რომ საქპატენტმა ბოლო წლებში საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის სფეროში თვისობრივად გადახედა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად დაარეგულირა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის საკითხები. მათ შორის: დაინერგა უფლებების კოლექტიურად მართვის მსურველი ორგანიზაციებისთვის სავალდებულო სახელმწიფო აკრედიტაცია, ქონებრივი უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, განისაზღვრა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების გამჭვირვალე და სამართლიანი წესები.

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის სისტემის გაძლიერება წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთო სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური და ინოვაციური პოტენციალის განმტკიცების წინაპირობაა. სფეროს ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩო ახალისებს შემოქმედებით საქმიანობას, უწყობს ხელს ინვესტიციების მოზიდვასა და ინოვაციების განვითარებას, ხოლო გლობალურ დონეზე ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ინტელექტუალური პროდუქტების შექმნისა და ექსპორტის მიმართულებით. შესაბამისად, კანონში განხორციელებული ცვლილებები არა მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ხარისხის ამაღლებას ემსახურება, არამედ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეკოსისტემის გაძლიერებას, რაც წარმოადგენს მდგრადი განვითარების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საფუძველს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები