ინდონეზიაში გასულ კვირას ციკლონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
იშვიათმა ტროპიკულმა შტორმმა, ციკლონ „სენიარმა“, მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სახლები და ათასობით შენობა დაიტბორა.
მაშველები ყველაზე მეტად დაზარალებული კუნძულ სუმატრას ზოგიერთ რაიონში მოხვედრას ცდილობენ, სადაც ათასობით ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილია და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარაგების გარეშეა დარჩენილი.
ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, აჩეჰისა და ჩრდილოეთ სუმატრას რაიონებში ძარცვის შემთხვევები დაფიქსირდა და წყალდიდობით დაზარალებული რაიონების მცხოვრებლები საკვებისა და სხვა მარაგების საძიებლად მაღაზიებსა და საწყობებში იჭრებიან.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო კიდევ 508 ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო დაახლოებით 2500 დაშავებულია.
მედიის ცნობით, ძლიერმა წვიმებმა და შტორმმა ტაილანდის, მალაიზიის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის ნაწილები გაანადგურა, რამაც მილიონობით ადამიანი დააზარალა და აზიაში ამ თვეში 900-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც “ბიბისის” წერს, ინდონეზია მრავალი სტიქიური უბედურების მსხვერპლია, ვულკანური ამოფრქვევებიდან დაწყებული, მიწისძვრებითა და ცუნამებით დამთავრებული. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება წყალდიდობისთვის მოუმზადებელი იყო.