ლევან მახაშვილი – ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს
„ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო ურნასთან როდესაც შედეგს ვერ აღწევ, არ შეიძლება, ამ შედეგების მიღწევა ძალადობის გზით სცადო. ეს ყველა ქვეყანაში მიუღებელია, მათ შორის საქართველოში.
„ამ შეხვედრებზე ჩვენი მიზანი მიღწეულია, რაც გვინდოდა, დელეგაციისთვის გადაგვეცა და აგვეხსნა ის მოტივაციები, რაც კონკრეტულ კანონებზე, საკონსტიტუციო სარჩელსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გვქონდა, გადავეცით. ახლა დამოკიდებულია მათზე, რამდენად სურდათ ამ ყველაფრის მოსმენა ან არ სურდათ, რამდენად გაითვალისწინებენ საკუთარი აზრებისა და პოზიციების ჩამოსაყალიბებლად, ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამ შეხვედრით კმაყოფილი ვართ. არ გვაქვს ილუზია, რომ ამით ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე თავის ზნეს და დამოკიდებულებას შეიცვლის, მაგრამ ჩვენი მხრიდან დავაფიქსირეთ, რაზეა საუბარი. ჩვენი მთავარი სათქმელი იყო, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს. საარჩევნო ურნასთან როდესაც შედეგს ვერ აღწევ, არ შეიძლება, ამ შედეგების მიღწევა ძალადობის გზით სცადო. ეს ყველა ქვეყანაში მიუღებელია, მათ შორის საქართველოში. ჩვენი სათქმელი სწორედ ეს იყო“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.