„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
„რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების, კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:
- სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზირებული ვადები;
- რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის მექნიზმები;
- სატარიფო პირობები;
- ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები.
სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწოდების ვადებია, შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.