ნანა კაკაბაძე: როგორია პროპაგანდისტული ტელევიზია – ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა ახსენა „ტვ-1“ და თქვა, რომ ტყუილზე და ცილისწამებაზე დამყარებული ასეთი ტელევიზია ბოლშევიკებს და ფაშისტებსაც შეშურდებოდათო

“როგორია პროპაგანდისტული ტელევიზია – ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა ახსენა „ტვ-1“ და თქვა, რომ ტყუილზე და ცილისწამებაზე დამყარებული ასეთი ტელევიზია ბოლშევიკებს და ფაშისტებსაც შეშურდებოდათო”, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორია პროპაგანდისტული ტელევიზია

საზოგადოებრივ აზრზე მედიის გავლენებზე საუბრისას დღეს ერთმა ჩემმა ძველმა ნაცნობმა ახსენა „ტვ-1“ და თქვა, რომ ტყუილზე და ცილისწამებაზე დამყარებული ასეთი ტელევიზია ბოლშევიკებს და ფაშისტებსაც შეშურდებოდათო. მე სიცილით ვუთხარი, ვინ უყურებს მაგ ტელევიზიას ზომბირებული ხალხის გარდა, შენ მაგაში როგორ კარგავ დროს-მეთქი. არა, მაგათ სისტემატურად ჩემმა მტერმა უყურა, ხანდახან შევავლებ ხოლმე თვალს საინფორმაციოს, რათა შევადარო საბჭოთა აგრესიულ პროპაგანდისტული ტელევიზიას და გულახდილად რომ გითხრა, იმას ბევრად აჭარბებენო. როდესაც ჩემი სკეპტიკური გამოხედვა დაიჭირა, დამაფიცა, აი, თუნდაც ტვ-1-ის გუშინდელ 8-საათიან საინფორმაციოს უყურე თავიდან ბოლომდე და მერე მითხარი შენი აზრიო. მოკლედ, გადავდე თავი ჩემი ნაცნობის შეფასების გადასამოწმებლად და თითქმის თავიდან ბოლომდე ვუყურე 26 სექტემბრის ტვ-1-ის 20-საათიან საინფორმაციოს.

მოკლედ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ დიდი მონდომების მიუხედავად მათი სიუჟეტები საზოგადოების ფართო ფენებზე ზემოქმედების თვალსაზრისით ვერ ჯობნის კომუნისტურ „ვრემიას“, „საერთაშორისო პანორამას“ და ა. შ. მაგრამ მათ მუდმივ, უკვე ზომბირებულ მაყურებელზე უდავოდ ექნება ის ეფექტური ზემოქმედება, რომელიც ტვინების გეგმაზომიერი და მეთოდური გამორეცხვის შედეგად მათთვის ნებისმიერი ტყუილის ან ნახევრად ტყუილის სიმართლედ წარმოჩენას გულისხმობს.

გუშინდელი საინფორმაციო დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ქართველი ბიზნესმენებისგან რაიმე „გამოსადეგი“ ინფორმაციის გამოგლეჯის მცდელობით და როდესაც ამას ვერ მიაღწიეს, შეეცადნენ მაყურებლის ყურადღება მიექციათ იმაზე, რომ ხედავთ, ყველას ეშინია ბიძინას დასანქცირების, რადგან მაგას დომინოს პრინციპით მაგათი დასანქცირებაც მოყვებიაო. არადა, ყველა, ვინც მათ კითხვებს უპასუხა, ერთხმად აცხადებდა, რომ ნებისმიერი ბიზნესმენის დასანქცირება ცუდია ბიზნესისთვისაც და ქვეყნისთვისაცო. არც იმის შერცხვათ, რომ ორი დღის წინ ქვეყნიდან „გაქცეულად“ გამოცხადებული ბიზნესმენისგან აიღეს ინტერვიუ და მათთვის არასასურველი პასუხები მოისმინეს. მერე დაიწყეს იმის მტკიცება, რომ „ეს საზიზღარი“ ბიზნესმენები დადიან ევროპაში და სტრატეგიულ პარტნიორებს ეხვეწებიან, ბიძინა არ დაასანქციროთო. მათ იციან, რომ ზომბირებულ მაყურებელს არ გაუჩნდება კითხვა, ბიზნესმენებს რა შეხება შეიძლება ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიმღებ „სტრატეგიულ პარტნიორებთან“, ისინი ხომ მხოლოდ თავის კოლეგა უცხოელ ბიზნესმენებს ეკონტაქტებიან, რომლებსაც არავითარი გავლენა არა აქვთ იმაზე, პოლიტიკოსები ვის დაასანქცირებენ და ვის – არა.

სიხარულით აუწყეს ზომბირებულ მაყურებელს, რომ ევროკავშირმა და საფრანგეთის პარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მოამზადეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. მათი მაყურებელი ხომ გამაყუჩებელი წამალივით იღებს ყოველდღიურად დოზირებულად, რომ აი, ცოტაც, ცოტაც, კიდევ ერთი რეზოლუცია, კიდევ ერთი დამუქრება და ეს ხელისუფლება ჩამოიშლება. 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ წინ რომ ამ მორიგი სატყუარის სახით წამლის დოზა ცოტათი გაუზარდეს, ამაზე ხომ არც დაფიქრდება მათი მაყურებელი. ევროპელები ხომ წერენ, რომ წამების მსხვერპლ „პოლიტპატიმარ“ სააკაშვილს საშინელ პირობებში ამყოფებენ, ე. ი. სიმართლეა, აბა ევროპელები ტყუილს ხომ არ იტყვიან. სიუჟეტის ავტორებმა იციან, რომ მათი ტყვინგამორეცხილი მაყურებელი ვერასოდეს გაიხსენებს ვერც 27 ევროპელი ელჩის დემარშს სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით და ვერც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ამ ელჩების პოზიცია უარყო და ამით თვითონ ელჩები გააბითურა, არც ის გაახსენდება მათ მაყურებელს, რომ ევროკომისიის მიერ სპეციალურად გამოყოფილმა პოლონელ ექიმთა ჯგუფმა ვივამედში სააკაშვილიც მოინახულა, მისგან ოფიციალურად ნიმუშებიც აიღო და ტვ-1 ხალხს ჰპირდებოდა, მალე ამ ნიმუშებით დამტკიცდება, რომ სააკაშვილი მოწამლესო. მას მერე 2 წელი გავიდა და სად არის ამ ექსპერტების პასუხი? ზომბირებულ მაყურებელს რომ ეს არც ახსოვს, გასაგებია, მაგრამ თვითონ ამ ტელევიზიის ჟურნალისტებს სირცხვილის გრძნობა რატომ არ გააჩნიათ?

გუშინდელ საინფორმაციოში დიდი ადგილი დაეთმო პრეზიდენტ ყაველაშვილის აშშ-ში ვიზიტის გაშავების მცდელობას. მანამდე ხომ იმას ამტკიცებდნენ ამ ტელევიზიის ზომბირებული მაყურებლები, ტრამპთან ყაველაშვილის სურათი ფოტოშოპია, რომელიც მადამ ტუსოს მუზემშია გადაღებულიო (ეტყობა, ეს მუზეუმი აშშ-ში ჰგონიათ). მერე მიხვდნენ, რომ სისულელეს ამტკიცებდნენ და ახლა იმაზე დაიწყეს ღლიცინი, ყაველაშვილმა თქვა, ტრამპმა მითხრა, რომ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის გადატვირთვის საკითხთან დაკავშირებით დაგირეკავო. ამაზე კობახიძეს და კალაძეს აზუსტებინებინებდნენ, როდის ელოდებით ტრამპისგან დარეკვასო. არადა, ყაველაშვილმა სიტყვა-სიტყვით ასე უთხრა ჟურნალისტებს: „ტრამპმა მიპასუხა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება“-ო. განა არ იციან, რომ „დამიკავშირდებას“ და „დამირეკავს“ შორის დიდი განსხვავებაა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი პრეზიდენტი ნებისმიერ სხვა კოლეგას პირდაპირ ტელეფონით კი არ ურეკავს საქმეზე, არამედ მათი სამსახურები უკავშირდებიან ერთმანეთს საელჩოების ან ადმინისტრაციების საშუალებით და ათანხმებენ სასაუბრო თემებს. შეიძლება ეს დაკავშირება ტელეფონითაც შედგეს და კომუნიკაციის სხვა საშუალებითაც. ეს ყველაფერი ჟურნალისტებმა კარგად იციან, მაგრამ ისიც იციან, რომ მათ ზომბირებულ მაყურებელს ეს შეკითხვები არ გაუჩნდებათ. ისიც კარგად იციან, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს მშობლიურ ენაზე ესაუბრებიან თარჯიმნების დახმარებით, მაგრამ მაინც ირონიულად კითხულობენ:”ან კი რომ დაურეკოს ტრამპმა ყაველაშვილს, რა ენაზე უნდა ესაუბროს?” იციან, რომ ამ უკბილო ირონიას დიდი გასაქანი ექნება მათ ზომბირებულ მაყურებელში.

ყაველაშვილმა რატომ ახსენა მხოლოდ ოკუპაცია და ვერ გაბედა რუსეთის ხსენება? აგერ, მიშა და ნაცები ყოველდღე რუსეთს აგინებდნენ და დღესაც უშიშრად აგინებენ, აგერ, ზელენსკი სულ რუსების გინებაშია, ხედავთ, ისინი რა მაგრები არიან? მარტო ოკუპაციის ხსენებით ხელისუფლებას რუსეთისათვის პასუხისმგებლობის მოხსნა უნდათო. მათი ზომბირებული მაყურებელი ხომ არ დასვამს ელემენტალურ კითხვას, როგორ, თუ შენს ტერიტორიას ოკუპირებულს ეძახი, ოკუპანტს როგორ მოეხსნება პასუხისმგებლობა? იმასაც არავინ გაიხსენებს, რომ მათი მოწონებული „მედასავლეთე“ ფაშინიანი რა ტონით და სიფრთხილით ელაპარაკება რუსეთს, სულ „პარტნიორს“ ეძახის, თუმცა, სულ ახლახან სწორედ რუსეთის პოზიციამ მიაყენა მის ქვეყანას დიდი მარცხი, ისიც არავის აინტერესებს, გამარჯვებულმა ალიევმა რუსეთის მიმართ რამდენიმე აგრესიული განცხადების შემდეგ მალევე რატომ შეწყვიტა ასეთი განცხადებები მას შემდეგ, რაც რუსეთში მცხოვრებ მის თანამემამულეებს და აზერბაიჯანულ ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა? იმიტომ, რომ ისინი შედეგებზე ფიქრობენ და არა პროპაგანდით დაბრმავებულების პოზიციებზე. ჩვენს ზომბირებულებს კი მხოლოდ მაგარი სიტყვები, გულზე მჯიღის ცემა და რუსეთის გინება ჰგონიათ სწორი პოლიტიკა.

მომდევნო სიუჟეტში იმის დამტკიცებას ეცადნენ, თანხების მითვისებასთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება ბიჭიკო პაიკიძემ მისი ნათესავის ლილუაშვილისგან გაიგო და იმიტომ დატოვა ქვეყანაო. ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა რამდენჯერმე გაუმეორეს, მისი თანამშრომლები დაბარებულები იყვნენ დაკითხვებზე და ბუნებრივია, ამის შესახებ პაიკიძემაც იცოდა, რად უნდოდა ლილუაშვისგან ან სხვა ვინმესგან ამის გაგებაო, მაგრამ ესენი მაინც უტეხად ამტკიცებდნენ, არა, ლილუაშვილმა შეატყობინაო. ერთი გადაკრულად მაინც ეთქვათ, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია სანდო წყარომ გვითხრაო, მაგრამ არ სჭირდებათ ასეთები თავის ზომბირებულ მაყურებლებთან, რადგან მათთვის ის არის სიმართლე, რასაც მათი სანდო ჟურნალისტები ეუბნებიან.

საინტერესო იყო ზაზა შათირიშვილის სიტყვების პროექცია ბიძინა ივანიშვილთან – შათირიშვილის პირით ბიძინა გველაპარაკებაო და როდესაც ზაზამ თქვა, იმ ტვინგამორეცხილი და ზომბირებული ახალგაზრდების მცირე (73 ათასი სტუდენტიდან დაახლოებით 3 ათასი) ნაწილი აქ სრულიად სხვა რეალობას ხედავს და უკიდურესად ფრუსტრირებული მომავლის პერსპექტივასაც კარგავს, ბევრი მათგანი ქვეყანას ტოვებს და თავის საოცნებო დასავლეთში, ანუ „სამოთხის ბაღში“ (ჟოზეფ ბორელის სიტყვებით რომ ვთქვათ) მიდიან და ეს კარგიაო, გინდა თუ არა, ეს არის ბიძინას დანაბარების გადმოცემაო. ამის „საბუთად“ გაიხსენეს რამდენიმე წლის წინ ბიძინას ნათქვამი, რომელიც მაშინაც უკუღმა მიაწოდეს და წამლის მორიგ დოზად გადააყლაპეს ტვინგამორეცხილ მაყურებელს და დააჯერეს, რომ ბიძინა ამბობს, უცხოეთში სამუშაოდ წადით და საქართველო დააცარიელეთო. არადა, თუ ვინმეს გაგება უნდოდა, ბიძინასგან მაშინაც ძალიან გასაგებად იყო ნათქვამი, რომ უცხოეთში არალეგალურად დამამცირებელ მდგომარეობაში მომუშავეების ნაცვლად საქართველოს მოქალაქეებს იქ უნდა ჰქონდეთ ღირსეულ პირობებში, ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობაო.

ხედავთ, ქართველ ევროპულად მოაზროვნე ახალგაზრდებს ეს კოლექტიური შათირიშვილები ქვეყნიდან აძევებენ, რომ აქ დიქტატურა დაამყარონო. თუმცა, იქვე ყველა არა მათნაირად მოაზროვნე „კოლექტიურ შათირიშვილებს“ იქვე გვემუქრებიან: თუ უნდათ მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენი ქვეყნის პროევროპულ საზოგადოებასთან, ფიქრი ისე უნდა დაიწყონ, რომელიც მათთვისაც უკეთესი იქნება და ქვეყნისთვისაც. მოკლედ, როდესაც დავიძახებთ, „ბიძინა გაიქცა! საქართველო თავისუფალია!“ ამის შემდეგ არცერთი „სხვაგვარად მოაზროვნის“ ადგილი ამ ქვეყანაში არ იქნებაო. და ეს ტელევიზია სხვებს ეძახის პროპაგანდიტულს“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები